ენერგოომბუდსმენი 2025 წლის ანგარიშში გაზის სექტორში დაგეგმილ ცვლილებებზე და კომპანიების შერწყმაზე წერს.
კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ დღეისათვის, ბუნებრივი გაზის სექტორი იმყოფება რეფორმის საწყის ეტაპზე და დაწყებულია ახალ საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა.
„ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესები“ და „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესები,“ რომელთა ამოქმედებაც თავდაპირველად განისაზღვრა 2023 წლის ივლისიდან. თუმცა მისი ამოქმედება კვლავ გადაიდო 2026 წლის ივლისისთვის. მოცემულ ეტაპზე, ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა ხორციელდება ძველი სახით (მიწოდებასთან ერთად) და მიწოდებისა და განაწილების საქმიანობები ერთმანეთისაგან განცალკევებული არ არის. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ბუნებრივი გაზის განაწილებას ახორციელებენ 3 მსხვილი ლიცენზიატი და 10 მცირე კომპანია.
ბუნებრივი გაზის სექტორში ახლო მომავალში შესაძლებელია განხორციელდეს რამდენიმე კომპანიის მსხვილ კომპანიებთან შერწყმა, რაზეც გავლილია საწყისი ეტაპები და გაცემულია კომისიის თანხმობები. ასეთია შპს „ვარკეთილაირი,“ რომელიც 2024 წელს შეიძინა შპს „თბილისი ენერჯიმ,“ ხოლო შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ შეიძინა შპს „გაზმშენი“ და შპს „ჩირაღდანი.“ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, მსხვილი კომპანიებისთვის შემდგომში ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა გამოეყოფა განაწილების საქმიანობას და გახდება ცალკე რეგულირების საგანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ისევე როგორც ელექტროენერგეტიკის სექტორში, ბუნებრივი გაზის სექტორში სტაბილურობის შენარჩუნება ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება მხოლოდ საჯარო მომსახურების საფუძველზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პრინციპებით და მარეგულირებელი კომისიის მიერ ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენით ანუ „რეგულირებით,“ როგორც ეს არის დაგეგმილი რეფორმის საწყის ეტაპზე.




























