მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, Gori Inn-ში დატვირთულობის 90%-მდე ზრდას ელიან - ერეკლე კოკაია

გორი ინნ

სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორის, ერეკლე კოკაიას თქმით, იმის მიუხედავად, რომ წელს გორში ზამთარი ტურისტულად დაბალ სეზონად ითვლება, სასტუმროს დატვირთულობა 60%-მდე გაიზარდა. ეს კი გასულ გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა. შიდა ქართლში მოქმედი სასტუმროს დატვირთულობაზე ერეკლე კოკაიამ BM.GE-სთან ისაუბრა.

„ჩვენი დატვირთულობა 60%-მდე ავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ წელს, წინა წელთან შედარებით ძალიან დიდი ზრდა გვაქვს. ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წელს "გორი ინნ"-ში დატვირთულობის მაჩვენებელი 90%-მდე უნდა გაიზარდოს.

სასტუმროს ძირითადი სტუმრები ადგილობრივები არიან, ამასთან ვმასპინძლობთ სპორტსმენებსა და ინდივიდუალური ჯავშნის მსურველ, უცხოელ სტუმრებს, კერძოდ ევროპიდან. რაც შეეხება ტურისტულ ჯგუფებს, ზამთარში ძირითადად ტაილანდიდან გვსტუმრობდნენ. ხოლო ზაფხულში, დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩინელი სტუმრების რაოდენობა გაიზრდება, რადგან შარშან, ჩინელი სტუმრების რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო. აგრეთვე, ნელ-ნელა გააქტიურებულია ჯავშნები უზბეკეთიდანაც.

რაც შეეხება ტარიფებს, სასტუმროში 1 ღამით განთავსება 200 ლარიდან იწყება. თუმცა სერვისის ღირებულება სეზონების მიხედვით იცვლება. მთავარი გამოწვევა ხალხის დარწმუნება იყო, რომ გორში დასვენება ნამდვილად ღირს. უკანასკნელი წლების განმავლობაში, არც გორის და ზოგადად, არც შიდა ქართლის მიმართულებით რაიმე მასშტაბური აქტივობა არ განხორციელებულა, რათა რეგიონი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გამხდარიყო. მაგალითისთვის, კახეთის რეგიონში დიდი თანხები ჩაიდო, რომ რეგიონი მიმზიდველი გამხდარიყო. შიდა ქართლის მიმართულებითაც ანალოგიური კამპანიის ჩატარებაა საჭირო“, - აცხადებს კოკაია.

მისივე ცნობით, გორის პოპულარიზაცია მათთვის დიდი გამოწვევაა და ამ კუთხით, ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად არის ჩართული.

Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მიმდინარე წელს სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა იგეგმება, რათა გორი სრული სერვისის მიმწოდებელ კურორტად იქცეს. თუმცა მომავალში კომპანია ამიერ კავკასიაში უნიკალური ატრაქციონის დამატებას გეგმავს. მაგრამ ამ ეტაპზე კოკაია სხვა დეტალების გაჟღერებისგან თავს იკავებს.

„გორი ინნ“ სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ის ქსელს წარმოადგენს. სასტუმროს მშენებლობაში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა და ჯამში 120 ნომერს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები