Galt&Taggart-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე რამდენიმე ახალი კომპანიის გამოჩენაა მოსალოდნელი.
როგორც საინვესტიციო ბანკში BMG-ს განუცხადეს, ამ ეტაპზე სამ პოტენციურ ემიტენტთან მიმდინარეობს მუშაობა, რომლებიც ობლიგაციებს სავარაუდოდ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გამოუშვებენ.
Galt&Taggart-ის კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ვანო კიკვილაშვილის განცხადებით, ამ პროცესს ხელს შეუწყობს ახალი სახელმწიფო პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც კომპანიებისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება.
“კომპანიების მხრიდან კაპიტალის ბაზრით დაინტერესება მზარდია. ამჟამად სამ პოტენციურ ახალ ემიტენტთან ვმუშაობთ, რომლებსაც ობლიგაციების გამოშვება სურთ. მათ შორის არიან უძრავი ქონების სექტორში მომუშავე კომპანიებიც. გარდა ამისა, ბევრი კომპანიაა, რომელთაც კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ და დაინტერესებული არიან წლის განმავლობაში კაპიტალის ბაზარზე გამოსვლით. ამ პროცესს ასევე დაეხმარება “აწარმოე საქართველოს” პროგრამა, რომელიც ბიზნესს ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას სთავაზობს. გასული წლის ბოლოს კორპორაციული ობლიგაციების მოცულობამ 2 მლრდ ლარს მიაღწია და ველოდებითთ, რომ წელსაც კარგი ზრდა იქნება ამ მიმართულებით”, - განაცხადა ვანო კიკვილაშვილმა.