მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს, მეორე საწარმოს მშენებლობის დაწყებას ვგეგმავთ“-„ბექაური არტი“

ავეჯი

ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია „ბექაური არტი“ წელს გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის გაყიდვების დირექტორმა, ცოტნე ხატისაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანია ბაზარზე ავეჯს 2014 წლიდან აწარმოებს და დიდი დიღმის ტერიტორიაზე ორ სართულიან შენობას ფლობს. შენობის პირველი სართული საწარმოა, ხოლო მეორე სართული საგამოფენო სივრცისთვისაა დათმობილი.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან დიდია, საწარმოს გვერდით, ჩვენს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მეორე საწარმოს აშენება იგეგმება, რომელშიც დაახლოებით 300000 დოლარის ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ. გაფართოება წარმოების ზრდას და არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას განაპირობებს.

ნედლეულს თბილისში არსებული ავეჯის მასალების იმპორტიორი კომპანიისგან ვყიდულობთ, რომლის უდიდესი ნაწილი ავსტრიული ან იტალიური ნედლეულია.

მომხმარებელი პირველ ეტაპზე დიზაინერთან ეწერება, რომელთან ერთადაც კონსტრუქციის დიზაინს ქმნის. დიზაინერი ბიუჯეტს უთვლის და შემდეგ უკვე ავეჯის დამზადების პროცესი მიმდინარეობს,“-აცხადებს ხატისაშვილი.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე საწარმოში 20-მდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა წარმოების ზრდის შემდეგ, კადრების დამატებაც იგეგმება.

რაც შეეხება გამოწვევებს, კომპანიის გაყიდვების მენეჯერის ცნობით, ბაზარზე სექტორის წარმომადგენლებს არაკეთილსინდისიერი ქცევის გამო „სახელი აქვთ გაფუჭებული“. ხშირია ასევე დაგვიანებები და საწარმოო ხარვეზები, რაც ყველაზე სხვა საწარმოზეც აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები