არასტანდარტული 1 კგ. მანდარინის სუბსიდირება 10 თეთრით, 30-დან 40 თეთრამდე გაიზარდა - ამის შესახებ ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. წინასწარი მოლოდინით, წელს, ნარინჯისფერი რთველი შედარებით ადრე, ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება.
ფერმერები წელს ხარისხობრივად კარგ მოსავალს ელოდებიან და ამბობენ, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივად, ისე საერთშორისო ბაზრებიდან იზრდება.
„აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი კახა შავაძე წელს რაოდენობრივად შარშანდელზე ნაკლებ მოსავალს ელოდება, რისი მიზეზიც, მისი თქმით, კლიმატური პირობებია. მათი თქმით, გასული წელი თუ რეკორდული მოსავლით გამოირჩეოდა, წელს კი ფერმერები 30-35%-ით ნაკლები მოცულობის მანდარინის მოსავლის აღებას ელიან.
“ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ფასი სტანდარტულ მანდარინზეც იზრდება, როცა არასტანდარტულის სუბსიდირება ამდენით ხდება. 35 თეთრი არის სუბსიდირება, ანუ 40 თეთრი ეღირება არასტანდარტული მანდარინი, შესაბამისად, სტანდარტული როგორც მინიმუმ 2-ჯერ მეტი მაინც უნდა ღირდეს.
წლევანდელ რთველს რაოდენობრივად ნაკლებს ველოდებით, თუმცა ხარისხობრივი მაჩვენებლები, თუკი ამინდმა არ შეცვალა რამე, კარგი იქნება. მოთხოვნაც შესაბამისად მაღალი იქნება, შედარებით მაღალ ფასსაც ველოდებით შარშანდელთან შედარებით", - ამბობს „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი კახა შავაძე.