"2025 წლის პირველ კვარტალში ქართული ბიზნესები ბიზნეს კლიმატს 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაცილებით ნაკლებად ხელსაყრელად აფასებენ (-12.8 ქულა)", - ამის შესახებ PMCG-ის მაისის მაკრო მიმოხილვაში წერია.
დოკუმენტის თანახმად, ამ პერიოდში, როგორც ამჟამინდელი ბიზნეს სიტუაცია (-17.0 ქულა), ასევე ბიზნეს მოლოდინები (-9.1 ქულა) მნიშვნელოვნად გაუარესდა.
PMCG წერს, რომ 2024 წელს, საქართველოს ბიზნეს კლიმატის მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა მეორე კვარტალში, ძირითადად პოლიტიკური არასტაბილურობისა და მასობრივი სამოქალაქო პროტესტის გამო, რომელიც გამოწვეული იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ.
"მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვარტალში გაუმჯობესების ნიშნები იყო, სიტუაცია კვლავ გაუარესდა მეოთხე კვარტალში და გაგრძელდა 2025 წლის პირველ კვარტალში, რაც კვლავ განპირობებული იყო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით.
2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური კლიმატის ინდექსი 26.6 პუნქტით ნაკლები იყო 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. გარდა ამისა, იმავე პერიოდში, მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობისა და სამომავლო მოლოდინების შეფასებები, შესაბამისად, 14.5 და 45.5 პუნქტით შემცირდა.
2025 წლის პირველ კვარტალში მოლოდინების განსაკუთრებით მკვეთრი კლება ასახავს ქართველი ეკონომისტების პესიმისტურ პერსპექტივას, რაც ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება", - წერია დოკუმენტში.




























