"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ „აჭარ ენერჯი" მზისა და ქარის სადგურების მშენებლობას, რომელთა დადგმული სიმძლავრე 360 მეგავატი უნდა იყოს, 3-4 წელში დაასრულებს.
"დაახლოებით, 360 მგვტ-მდე სიმძლავრის პროექტებზე უკვე შევთანხმდით მთავრობასთან ერთად და კომპანია მიმდინარე წელს აქტიურად იწყებს 460 მლნ დოლარიანი ინვესტიციების განხორციელებას, რაც საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორს შემატებს დამატებით სიმძლავრეს და კონკურენტუნარიანობას აამაღლებს. უკვე 2025 წელს ჩვენ პირველი პროექტების გახსნას შევძლებთ და შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ 360 მგვტ-ის სიმძლავრის ახალ პროექტებს გავხსნით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
დღეს, 4 თებერვალს, მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აჭარ ენერჯი“ ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციებს განახორციელებს. მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საინვესტიციო პროექტით დაგეგმილია ქარის ხუთი და მზის ერთი ელექტროსადგურების მშენებლობა, რაც ჯამში დაახლოებით 360 მგვტ დადგმული სიმძლავრეა.
“აჭარ ენერჯი” აჭარის რეგიონში ფლობს და მართავს კირნათისა და ხელვაჩაური 1-ის ჰიდროელექტროსადგურებს. კომპანიამ ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე 2012 წელს დაიწყო სადგურების მშენებლობა. ხელვაჩაური ჰესი 1, რომლის დადგმული სიმძლავრე 47 მგვტ-ია, 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, ხოლო კირნათი ჰესი, დადგმული სიმძლავრით 51 მგვტ, 2018 წელს ამუშავდა.




























