„ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, მიმდინარე წელს, 19 მლნ ლარია გათვალისწინებული“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, დარგი ვითარდება, იზრდება ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები. გასულ წელს ორგანიზებულად ჩატარდა რთველი - გადამუშავდა 221 ათას ტონამდე ყურძენი. ყურძნის რეალიზაციიდან ფერმერების შემოსავალმა 300 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. ჩვენ გავაგრძელებთ დარგის მხარდაჭერას.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს მიკვლევადობის ინსტრუმენტები და ხარისხის კონტროლი, რისთვისაც დავიწყეთ შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი პროდუქციის სავალდებულო სერტიფიცირება. ასევე, დავასრულეთ ვენახების კადასტრის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, აღწერილია 48700 ჰა ფართობი.
„ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ბაზრების დივერსიფიცირება. ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით აქტივობებს და დაფინანსებას პრიორიტეტულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. მიმდინარე წელს, ამ მიმართულებით, რეკორდულად მაღალი დაფინანსება 19 მლნ ლარი არის გათვალისწინებული“, - განაცხადა გარემოს ოთარ შამუგიამ.