რაჭაში რთველი 6 ოქტომბერს დაიწყო. რაჭაში მომუშავე მეღვინე მევენახეები გვიხსნიან, რომ რიგები პირველ რიგში არასახარბიელო კლიმატურ პირობებს უკავშირდება, რის გამოც ყურძენი მზიანი ამინდის დროს ერთბაშად ბევრმა მევენახემ დაკრიფა, ჩასაბარებელ პუნქტებში კი რიგები დადგა.
ხვანჭკარის ღვინის მარნის დირექტორი გიორგი ჭანტურიას BM.GE-თან აცხადებს, რომ წელს ყურძნის მოსავალიც დიდია. მისი პროგნოზით, წელს რაჭაში 50%-ით მეტი მოცულობის მოსავალი იქნება.
ჭანტურია ამბობს, რომ წელს ხვანჭკარის ღვინის მარანი 300-400 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებს, რაც გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.
“წელს განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ყურძენია, ისეთი, რაჭას რომ არ ახსოვს. მოსავლის აღება და ჩაბარებას ხელს უშლის, პირველ რიგში, წვიმები, იმიტომ, რომ წვიმებში არ ხდება ყურძნის კრეფა და გადამუშავება. პირველი არის ეს პრობლემა, დანარჩენი, მიმდინარეობს პროცესი. ადგილობრივი თითქმის ყველა საწარმო ჩართულია მოსავლის დაბინავებაში. შესაბამისად, პატარა რიგებში ადამიანებს უწევთ დგომა.
ჩემი ინფორმაციით, თითქმის ყველა ადგილობრივი საწარმო არის მზად და პროცესები შეუფერხებლად მიმდინარეობს, მიდის მოსავლის დაბინავება. წელს 50%-ით მეტი მოსავალი არის, ვიდრე შარშან. ჩვენ დაახლოებით 300-დან 400 ტონამდე ყურძენს ვამუშავებთ, რაც გასულ წელთან შედარებით 2-3ჯერ მეტია. რთველის ხანგრძლივობა, ჩემი ვარაუდით, ალბათ კიდევ ერთი კვირა გასტანს,”- აცხადებს ხვანჭკარის ღვინის მარნის დირექტორი გიორგი ჭანტურია.




























