რაჭის რეგიონი ყურძნის რთველისთვის ემზადება. როგორც BM.GE-სთან რაჭული მეღვინეობა "ღვინუკას" დამფუძნებელი, ზუკა მაისაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე სეზონზე მოსავლიანობა, გასულ წელთან შედარებით, გაიზრდება, რასაც ხელი ხელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა შეუწყო.
"თეთრი ყურძნის რთველი, ალბათ, უფრო ადრე დაიწყება, ჩემი ვარაუდით, 25 სექტემბრიდან, თუმცა ამინდებზე ვართ დამოკიდებული, ჯერჯერობით პროგნოზს რასაც ვუყურებთ, ცოტა ნალექიანია და რთული იქნება ზუსტი თარიღის განსაზღვრა. დაახლოებით 5-10 ოქტომბრიდან კი უკვე დაიწყება წითელი ყურძნის რთველი, კერძოდ ალექსანდროულის და მუჯურეთულის.
ჯამურად რეგიონში, დაახლოებით, 2-3 ათას ტონამდე ყურძენი მოდის ხოლმე, გაშენებული ვენახების ფართობიდან გამომდინარე. ვვარაუდობთ, რომ ჩვენს ვენახშიც და რეგიონშიც რაოდენობრივად ზრდა გვექნება, რასაც ორი ფაქტორი განაპირობებს. ერთი ის, რომ ჩვენი ახალი ვენახი წელს პირველად შედის მსხმოიარობაში და წელს პირველი წელი იქნება, როდესაც გადავამუშავებთ ამ ყურძენს. მეორე მხრივ, საგაზაფხულო ნალექების სიმცირემ და კარგმა კლიმატურმა პირობებმა განაპირობა, რომ ყვავილობა კარგად წარიმართა და რაოდენობრივად გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი გვექნება, ვიდრე წინა წელს, ალბათ მოსავლიანობა 20-25%-ით გაიზრდება", - აღნიშნა "ღვინუკას" დამფუძნებელმა.
რაც შეეხება მოსავლის ხარისხს, როგორც მაისაშვილი განმარტავს, ამ კუთხით გადამწყვეტი მომდევნო ერთი თვე იქნება: "შარშან მართალია ცოტა, თუმცა ხარისხობრივად ძალიან კარგი ყურძენი იყო, შაქრიანობითაც, ვიზუალურადაც და სხვა პარამეტრებითაც. წელს, ჯერჯერობით, ხარისხობრივად ნორმალურია, თუმცა სექტემბრის თვე იქნება განმსაზღვრელი".
5 სხვადასხვა სახოების ღვინის წარმოებისთვის "ღვინუკა" წითელი ჯიშის ყურძნებს საკუთარ ვენახში აწარმოებს, რაც შეეხება თეთრ ყურძენს, ნედლეულს კომპანია ადგილობრივი მევენახეებისგან იბარებს. როგორც ზუკა მაისაშვილი ამბობს, წელს ჩასაბარებელი ყურძნის მოცულობა, სავარაუდოდ, 2 ტონამდე იქნება, ჯამურად კი "ღვინუკა" 5 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
"5 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ, თეთრას, ცოლიკაურს, ძელშავს, მუჯურეთულს და ალექსანდროულს და მუჯურეთულს ერთად. სხვადასხვა წელს სხვადასხვა სახეობა გვაქვს, შეიძლება ერთ წელს სამი იყოს, მეორე წელს ხუთივე და ა.შ. წელს ვვარაუდობთ, რომ მხოლოდ ორი სახეობა გვექნება, წულუკიძის თეთრა და ალექსანდროული და მუჯურეთული ერთად, აქედან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ ძალიან მასშტაბური რთველი გვექნება, თუმცა გეგმაშია საშუალოდ 5 000-მდე ბოთლის წარმოება.
ამ ეტაპისთვის ექსპორტზე მეტად ადგილობრივ ბაზარზე გავაკეთეთ აქცენტი, ამ ზაფხულს პირველად ავამუშავეთ საოჯახო ტიპის სასტუმრო, ჩვენი გეგმაა, რომ ადგილზე მოვახდინოთ აღნიშნული ღვინის გაყიდვა, მხოლოდ საქართველოს ბაზარზე", - განმარტა ზუკა მაისაშვილმა.
საოჯახო სასტუმრო ამბროლაურის რაიონში, სოფელ წესში, "ღვინუკას" მარნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ₾150 000-იანი ინვესტიციით გახსნილი ობიექტი "წესის მამული", 5 ნომერს აერთიანებს და გასულ ზაფხულს დამსვენებლები პირველად მიიღო.




























