მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს რეკორდული - 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა - ღვინის ეროვნული სააგენტო

რთველი

მიმდინარე წელს, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში გადამუშავებული 336 ათასამდე ტონა ყურძენი ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22 ათასამდე მევენახე ფერმერმა დააბინავა. მევენახეების შემოსავალმა 475 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იყო ჩართული.

„საქართველოს მასშტაბით ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავებულია, გარდა ლეჩხუმის რეგიონისა, სადაც რთველი უახლოეს დღეებში დასრულდება.

გადამუშავებული ყურძნიდან უდიდესი წილი, 327 ათასამდე ტონა, კახეთზე მოდის, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 432 მლნ ლარს მიაღწია“, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

წელს რაჭაში გადამუშავებულია ასევე რეკორდული, 3 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, საიდანაც უდიდესი წილი ალექსანდროული და მუჯურეთულია. მოსავალი 1400-ზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 23,5 მლნ ლარს მიაღწია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებზე სუბსიდია აღარ გაიცა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.

რაჭის რეგიონში, კერძო სექტორის სტიმულირების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. სუბსიდიის მიმღებია ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები იღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები