მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წელს რომ არის, ასეთი ფასები არასდროს ყოფილა" - რატომ გაძვირდა ბოსტნეული?

ბოსტნეული

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი საქართველოს ბოსტნეულის და ბაღჩეულის ბაზარზე ნეგატიურად უკვე აისახა. სექტორის წარმომადგენელთა განმარტებით, ფასები მკვეთრად გაიზარდა ბოსტნეულის მომწოდებელ თურქეთში, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცა.

დიდი ხანია უკვე ამ სფეროში ვარ და წელს რომ არის, ასეთი ფასები არ ყოფილა არასდროს“, - ამბობს „საქმის კურსთან“ ბოსტნეულისა და ბაღჩეულის კომპანია „იმერის“ დირექტორი.

გივი კიკნაძის შეფასებით, თურქეთში ფასებზე გავლენა ერთის მხრივ ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა, მეორეს მხრივ კი, დღესასწაულებზე დასვენების დღეებმა განაპირობა, რის გამოც, მოსავლის აღება არ მოხდა, რამაც დეფიციტიც შექმნა.

ბოსტნეული იმის ხარჯზე ძვირდება, რომ ადგილზე, კერძოდ თურქეთში, შესასყიდი ფასი ძალიან გაძვირებულია. ძირითადად ამ ბაზარზე სხვადასხვა სახეობის ბულგარულ წიწაკას და ბადრიჯანს ვყიდულობთ. 1 კგ-ს ფასი 140-150 ლირაზე (9 ლარი) ნაკლები არ არის. ზოგ შემთხვევაში 13 ლარია. ზამთრის პერიოდში ძირითადი მომწოდებლები თურქეთი და ირანი არიან. ირანიდან, ომის მიუხედავად, არ შეინიშნება იმპორტის შეფერხება. ასე რომ არ იყოს უფრო კატასტროფული იქნებოდა ფასები. ხშირად წერს ხალხი რომ: „აი, რა ფასებია“... მინდა ვთქვა, რომ თავად მომწოდებლების მიერ არის უკვე გაძვირებული. 150 ლირა ნიშნავს, რომ 1 კგ. ბოსტნეულის ფასი უკვე 9 ლარია ადგილზე. მას ემატება ლოგისტიკური ხარჯები, სამაცივრე მეურნეობის ხარჯი, გადაზიდვა, საწვავი და საბოლოოდ, ეს დახლზე ფასებზე აისახება“, - აღნიშნავს გივი კიკნაძე.

მისი თქმით, საწვავის გაძვირების მიუხედავად, ეს კომპონენტი კლიენტებისთვის მიწოდების ფასში ჯერ არ ასახულა, თუ საწვავის ბაზარზე არსებული ტენდენცია გაგრძელდა, პროდუქციის მისაწოდებელი ფასის გაზრდა მოუწევთ.

„ჯერჯერობით ჩვენ ჩვენს ობიექტებთან მისაწოდებელი ფასების ზრდა არ მოგვიხდენია, მაგრამ თუ გაგრძელდა საწვავის გაძვირება, მოგვიწევს ფასების კორექტირება. სხვა შემთხვევაში უკვე რთული იქნება. ჩვენ თბილისში ელექტრომობილები გვყავს და იმედია ავტო პარკს ჩავანაცვლებთ და ვეცდებით, რომ ფასი არ გაგვიძვირდეს, არ გაუძვირდეს ჩვენს მომხმარებლებს“, - ამბობს გივი კიკნაძე.

კომპანია „იმერში“ ელიან, რომ ფასების დასტაბილურება ბაზარზე ადგილობრივი მოსავლის გამოჩენის შემდეგ მოხდება.

"ახლა დიდთოვლობა გვქონდა და ერთ-ერთ მომწოდებელ ფერმერს ორი სათბური დაუნგრია თოვლმა. შედეგად, გარკვეულ პროდუქციაზე წყვეტა მქონდა. ამან გამოიწვია დეფიციტი და ფასის მომატება. ქართულ პროდუქციას ამ სეზონზე დაახლოებით ბაზრის 15% უჭირავს. თუმცა უკვე გაზაფხული შემოვიდა და ერთი თვის ვადაში შემოვა ქართული ბოსტნეული და ბაღჩეული, რაც ფასებსაც დააბალანსებს", - აღნიშნავს "იმერის" დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები