მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს სადაზღვევო ინდუსტრია 20-25%-ით გაიზრდება - "თიბისი დაზღვევა"

დავით კიღურაძე

„თიბისი დაზღვევის“ მოლოდინით, მიმდინარე წელს სადაზღვევო ინდუსტრია 20-25%-ის ფარგლებში გაიზრდება.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა. დავით კიღურაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, დაზღვევის სხვადასხვა სახეობებში მოზიდული პრემიის მოცულობა მზარდია, მათ შორის ჯანმრთელობის და ავტოდაზღვევის პროდუქტებში.

თუმცა როგორც კომპანიაში განმარტავენ, სადაზღვევო პროდუქტების მოხმარების მხრივ, საქართველო სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. დავით კიღურაძის მოსაზრებით, ბაზრის გასაზრდელად საჭიროა ისეთი ინიციატივები როგორიცაა მაგალითად, სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება.

„მიმდინარე წლის ხუთი თვის წინასწარი მონაცემებით, ბაზარი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე გასულ წლებში. „თიბისი დაზღვევის“ ზრდა დაახლოებით 18-19%-ის ფარგლებშია და 6 თვეში ჩვენ მიერ მოზიდულმა პრემიამ 106 მლნ ლარი შეადგინა. სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით, „თიბისი დაზღვევამ“ საკმაოდ კარგი ზრდა შეძლო და დღეს ჩვენ უკვე გვყავს 65 ათასი ფიზიკური პირი, რომელიც ამ პროდუქტით აქტიურად სარგებლობს. ზოგადად, ბაზარი აქტიურად ვითარდება როგორც სამედიცინო, ასევე ავტოდაზღვევის მიმართულებით, თუმცა ამ ნაწილში პენეტრაციის მაჩვენებელი ჯერ კვლავ დაბალ დონეზე რჩება.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბოლოს მთლიანობაში სადაზღვევო ბაზარი 17%-ით იყო გაზრდილი და მოზიდული პრემიის ჯამური მოცულობა მილიარდ ლარს აღემატებოდა. ეს კი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 110 დოლარს უდრის. თუმცა ეს მაჩვენებელი ჩვენს მეზობელ და ასევე განვითარებულ ქვეყნებს ძალიან ჩამორჩება, სადაც გაცილებით მაღალია სადაზღვევო პროდუქტების მოხმარება. მთლიანობაში მოლოდინი გვაქვს, რომ წელს სადაზღვევო ბაზარი დაახლოებით 20-25%-ის ფარგლებში გაიზრდება.

რაც შეეხება უშუალოდ სამედიცინო დაზღვევას, მოსახლეობის დაახლოებით 20% კერძო სამედიცინო დაზღვევით უკვე სარგებლობს. თუმცა საკმაოდ დიდი ნაწილი რჩება, ვისთვისაც ჯანმრთელობის დაზღვევა ხელმისაწვდომი კვლავ არაა. ამ მიმართულების ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეღავათების დაწესება იქნება, როგორიცაა მაგალითად, შეღავათები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ეს კომპანიებს მეტ სტიმულს მისცემს, დასაქმებულებს სამედიცინო დაზღვევა შეუძინონ და ბაზარსაც დაასტიმულირებს“, - განაცხადა დავით კიღურაძემ.

ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის ხუთ თვეში სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ მოზიდული პრემიის მოცულობა 20%-ითაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები