სეტყვით დაზარალებული მევენახეებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილმა თანხამ 2023 წელს 10 მლნ ლარს გადააჭარბა - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა რიცხვები მცირედით დაკორექტირდეს, თუმცა საბოლოო შედეგზე ეს მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.
"სეტყვით დაზარალებულებისთვის პრემიერის დავალებით 3 500 ლარი განისაზღვრა 1 ჰექტარზე. ამ პროექტსაც ჩვენ ვახორციელებთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ამ ეტაპზე გამოიკვეთა 6 135 ფერმერი, რომელსაც ნაწილობრივ ან მთლიანად აუნაზღაურდება ზარალი და ანაზღაურების ჯამური თანხა 10 მლნ ლარს გადააჭარბებს. ამ ყველაფრის შეკრება დეკემბერში დასრულდა. ახლა, ჩვენ რომ ვსაუბრობთ, მცირე კორექტირებები და სამუშაო პროცესი კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ძირითადი მონაცემები ასეთია - 10 მლნ ლარზე მეტი და 6 135 დაზარალებული მევენახე.
მოგეხსენებათ, წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვისაც კერძო დაზღვევა ჰქონდა, სახელმწიფო აღარ აუნაზღაურებს ზარალს და გარკვეულად ესეც დააკორექტირებს თანხებს, თუმცა დიდი ცვლილებები არ იქნება", - განაცხადა მეხუზლამ აგრარულ საკითხთა კომიტეტზე.
ინფორმაციისთვის,მთავრობა რთველის დაწყებამდე წელს 70 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვას გეგმავდა.
მთავრობა 70 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვას გეგმავს - რთველის სუბსიდია 60 მილიონი ლარია