მიკრობანკებში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს დაკრედიტების ტემპის 15%-იან ზრდას ელიან.
როგორც “კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ BMG-ის განუცხადა, მათ შემთხვევაში სესხების ზრდის ტემპი შენელებულია არაა.
არჩილ ბაკურაძის განცხადებით, მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, საფინანსო ორგანიზაცია კიდევ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ბიზნესსესხების პორტფელის ზრდაზე, მათ შორის სოფლის მეურნეობის დარგის დაფინანსებაზე.
“ჩვენთან [დაკრედიტების] ნორმალური ტემპია, რაც დაგეგმილი გვქონდა. გვაქვს ზომიერი ზრდის სტრატეგია. ძალიან ვუკვირდებით ჩვენი აქტივების ხარისხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა მხრივ, მოგებიანობა არის ზომიერი, როგორც იყო დაგეგმილი. ახლა ჩვენ უფრო მეტად აქცენტს ვაკეთებთ ჩვენი საბანკო სერვისების ჩართვასა და ამოქმედებაზე, როგორიცაა ანგარიშები, ტრანზაქციული სერვისები და რაც მთავარია, ანაბრები და დეპოზიტები. ამ კუთხით ვართ გააქტიურებული და ძალიან კარგი დამაიმედებელი ტენდენცია არის. მომხმარებლები ძალიან დიდი ინტერესით იღებენ ამ პროდუქტს ჩვენგან.
ჩემი აზრით, წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა 15%-ის ფარგლებში იქნება, რაც დაახლოებით ბაზრის საშუალოს იმეორებს. ჩვენ განსაკუთრებით აქცენტს ვაკეთებთ ბიზნეს სესხებზე. სამომხმარებლო დაკრედიტებაზე იმდენად არა, თუმცა, რა თქმა უნდა, შესაბამისი პროდუქტები გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვეპყრობით სოფლის მეურნეობის დარგს. ჩემი აზრით, კიდევ უფრო მეტი შეიძლება გავაკეთოთ, იმიტომ რომ ამ დარგს სჭირდება სტრატეგიული მიდგომა ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან. ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ სოფლის მეურნეობისა და სასურსათო ეკოსისტემის მიმართულებით განვითარებაზე”, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე ბაზარზე ორი მიკრობანკი ოპერირებს, “კრისტალი” და MBC. მიკრობანკებს უფლება აქვთ ერთ მსესხებელზე მილიონი ლარის ფარგლებში სესხი გასცენ.




























