მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წელს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე ნოვატორები გავხდით" - როგორი იყო "ნოვას" 2025?

ნოვა

2025 წლის შედეგებს "საქმიანი დილას" ეთერში "ნოვას" გენერალური დირექტორი, ედიშერ ხიმშიაშვილი აჯამებს. როგორც ის აღნიშნავს, 2025 კომპანიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან კომპანიამ ₾50 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა.

"წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კომპანიის მიერ და რამდენიმე განსაკუთრებულს გამოვყოფდი. სულ რამდენიმე დღის წინ "ნოვამ" ბაზარზე განათავსა პირველი ფასიანი ქაღალდები - ობლიგაციები, რაც კაპიტალის ბაზარზე კომპანიის პირველი ნაბიჯი იყო და უპრეცედენტოა იმიტომ, რომ "ნოვა" არის ნოვატორი, პირველი, რომელმაც სამშენებლო-სარემონტო მასალების სექტორიდან ობლიგაციები განათავსა.

გარდა ამისა, ეს წელი გამოირჩეოდა სტაბილური ზრდით, როგორც გაყიდვების, ასევე შიდა სტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით და კომპანიის გუნდის გაძლიერების კუთხით. გარდა ამისა, ამ წელს კომპანიამ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შევიძინეთ 300 000 კვადრატული მიწის ნაკვეთი ფოთის ტერიტორიაზე, სადაც სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ პორტთან ახლოს განვავითაროთ საწარმოო და სასაწყობე ინფრასტრუქტურა. კომპანიის გაყიდვების შედეგები წარმატებული იყო, ზრდით დავასრულეთ წელი. მოგების თვალსაზრისითაც უფრო მეტად მოგებიანი იყო ეს წელი, ვიდრე წინა და ველოდებით, რომ ეს სტაბილური გარემო, რომელიც შეიქმნა 2025 წელს, დაგვეხმარება, რომ 2026 წელი იყოს უფრო მეტი წარმატების და მეტი შედეგების მომტანი", - განაცხადა ედიშერ ხიმშიაშვილმა.

"საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის დირექტორმა 2026 წლის გეგმებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პროცესი, რომელიც "ნოვამ" ქუთაისში საწარმოს გახსნით დაიწყო, მომავალ წელსაც გაგრძელდება და საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოიცავს.

"წარმოება "ნოვასთვის" არის მთავარი ხაზი და ჩვენი ბიზნესის მთავარი მიმართულება. კავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოო ინფრასტრუქტურა შევქმენით, რომელიც განაგრძობს განვითარებას და მომავალშიც ესეც იქნება. 2026 წელს გვინდა, წარმოებების დივერსიფიცირება და ეს არ იყოს განთავსებული მხოლოდ თბილისის და ბათუმის ლოკაციებზე. ამის პირველი ნაბიჯი იყო ქუთაისში მინი-წარმოების მოდელის შექმნა, სადაც ძირითადად გავიტანეთ თუნუქთან და გადახურვასთან დაკავშირებული წარმოებები და იმავეს ვაპირებთ მომავალში ხაშურში, თელავში, მარნეულსა და მომდევნო წლებში სხვა ქალაქებშიც. ამის მიზანია, რომ გავხდეთ ლოგისტიკურად უფრო მოქნილები, მომხმარებელს უფრო სწრაფად შევთავაზოთ მათთვის საჭირო პროდუქტები, მისაღებ დროში და ადგილას, და გავაუმჯობესოთ მიწოდების სერვისები. გარდა ამისა, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, შევამციროთ ლოგისტიკური დანახარჯები და რეგიონებში ხელი შევუწყოთ წარმოებების განვითარებას, რაც ადგილზე დემოგრაფიულ შენარჩუნებასაც გამოიწვევს.

გარდა ამისა, "ნოვას" ამოცანაა, რომ 2026 წლის აგვისტომდე საქართველოში გავმართოთ წარმოება, რომელიც მზის პანელების სამონტაჟო კონსტრუქციების წარმოებას უზრუნველყოფს. აუცილებლად მჯერა, რომ ამას გავაკეთებთ, იმიტომ რომ წარმოება არის სწორედ ის ხაზი და ის მიმართულება, რომელსაც ყოველთვის ძალიან დიდი მონდომებით და ძალიან დიდი სულისკვეთებით ვუყურებთ ხოლმე", - განაცხადა ედიშერ ხიმშიაშვილმა.

მისივე თქმით, "ნოვას" მთავარი გეგმა გაყიდვების მილიარდიან ნიშნულზე დასრულებაა, რასაც კომპანია წარმოების განვითარებით აპირებს.

"შედეგის მიღწევა, რაც მილიარდიან გაყიდვებში გამოიხატება, სრულიად შესაძლებელია წარმოებების უფრო მეტად განვითარებით, ასორტიმენტის უფრო მეტად გაფართოებით და ბაზრების დივერსიფიცირებით. ამიტომ ჩვენ 2026 წელს ვგეგმავთ, რომ სომხეთში გადავდგათ პირველი ნაბიჯები წარმოების გაფართოების კუთხით, რაც ბაზრის დივერსიფიცირებას გამოიწვევს, და შევქმნათ ისეთი საწარმოო ინფრასტრუქტურა და მიმართულებები, მათ შორის ფოთში, რომელიც შემდგომ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ამ რიცხვებს მივაღწიოთ არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე გაყიდვებით, რაც საკმაოდ რთულია ბაზრის სიმცირის გამო, არამედ ჩვენ შევძლოთ ექსპორტის განვითარება", - ამბობს "ნოვას" გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები