ეკონომიკის სამინისტრო 2026 წელს 3 340 707 000 კუბური მეტრი გაზის მიღებას ელის. ეს თითქმის იმდენივეა, რაც 2025 წლის საპროგნოზო მოცულობა იყო (3,322 მლრდ კუბური მეტრი).
სამინისტრომ ბუნებრივი გაზის ბალანსი უკვე დაამტკიცა, რომლის მიხედვით, მისაღები გაზის 87,6% აზერბაიჯანული გაზია. უფრო კონკრეტულად, აზერბაიჯანიდან საქართველო 2 926 649 000 კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, საიდანაც 1.167 მილიარდი კუბური მეტრი "შაჰდენიზის" ოფციური გაზია, 478.2 მლნ კუბური მეტრი კი დამატებითი გაზი. დანარჩენს ანუ 1.281 მლრდ კუბურ მეტრს საქართველო "სოკარისგან" შეიძენს.
ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, რუსეთიდან 400 მლნ კუბური მეტრი გაზს შევიძენთ, 14.05 მლნ კუბური მეტრი კი ადგილობრივი წარმოებაა.
გაზის მიწოდების პროგნოზი/2026 წელი
- შაჰ-დენიზის საბადო ( ოფციური) - 1 167 398 000 მ3
- შაჰ-დენიზის საბადო (დამატებითი) - 478 225 000 მ3
- სოკარი - 1 281 026 000 მ3
- რუსეთი - 400 000 000 მ3
- ადგილობრივი მოპოვება 14 058 000 მ3
წყარო: ეკონომიკის სამინისტრო
აღსანიშნავია, რომ გაზის ბალანსის მიხედვით, არ არის მოსალოდნელი გაზის მოხმარების ზრდაც. 2026 წელს ქვეყნის მოხმარება 3 284 707 000 კუბური მეტრი იქნება, საიდანაც 2.3 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი სოციალური ნაწილია. თბოსადგურების მოხმარება 657 მლნ კუბური მეტრი იქნება, მოსახლეობა კი 1.661 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. ხოლო 966.7 მლნ კუბური მეტრი კომერციული სექტორისთვის არის ნავარაუდევი.




























