მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს საქართველოდან სერბეთში ექსპორტი 57%-ით შემცირდა - როგორია ქვეყნების ეკონომიკური კავშირი?

ქვრივიშვილი

"ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთშია. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან იაგოდა ლაზარევიჩთან. მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებსა და ამ მიმართულებით მომავალი ურთიერთობების პერსპექტივებზე. მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე მზაობას და ამის შესახებ ერთობლივი განცხადების ხელმოწერის მნიშვნელობას.

საქართველო და სერბეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ

bm.ge დაინტერესდა, როგორია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირი.

ვაჭრობა

საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის 11 თვეში 19%-ით 17.8 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. აქედან იმპორტი 16.9 მლნ აშშ დოლარი, ექსპორტი კი მხოლოდ 862.2 ათასი აშშ დოლარია.

იმპორტი 30.9%-ით გაიზარდა. რას ვყიდულობთ?

  1. სიგარები და სიგარილები - 7.8 მლნ აშშ დოლარი;
  2. ქაღალდი და მუყაო - 1.6 მლნ აშშ დოლარი;
  3. მინერალური, ქიმიური და აზოტოვანი სასუქები - 1.02 მლნ აშშ დოლარი;
  4. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 831.7 ათასი აშშ დოლარი;
  5. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 656.8 ათასი აშშ დოლარი.

ექსპორტი 57.1%-ით შემცირდა

  1. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 340.5 ათასი აშშ დოლარი;
  2. სპირტიანი სასმელები - 202 ათასი აშშ დოლარი;
  3. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 122 ათასი აშშ დოლარი;
  4. ნაყოფი და კაკალი შაქრის დამატებით ან მის გარეშე - 55.2 ათასი აშშ დოლარი;
  5. შერეული მერქნის ფანელები და პანელები - 55.2 ათასი აშშ დოლარი.

ტურიზმი

2025 წლის პირველ 9 თვეში სერბეთიდან საქართველოში 3 513 ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 22%-ით მეტია.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სერბეთში შესვლა უვიზოა (90 დღემდე ვადით, 180-დღიან პერიოდში). თბილისსა და ბელგრადს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ამ ეტაპზე არ ხორციელდება.

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით მაჩვენებელი ნულოვანია. ასევე, საქსტატის მონაცემებით, ნულოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები