2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში სიმინდის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 11 მილიონი დოლარის ღირებულების 23 413 ტონა სიმინდი შემოვიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 5.8 მილიონ დოლარს და 6 222 ტონას შეადგენდა.
შედეგად, წლიურ ჭრილში სიმინდის იმპორტის ღირებულება 88.5%-ით, ხოლო მოცულობა 276.2%-ით გაიზარდა.
უმსხვილესი მომწოდებელი ქვეყანა რუსეთია, საიდანაც საქართველომ 5.5 მილიონი დოლარის ღირებულების 21 750 ტონა სიმინდი შეიძინა. ეს ნიშნავს, რომ იმპორტირებული სიმინდის მთლიანი მოცულობის დაახლოებით 92.9% რუსეთზე მოდის, ხოლო ღირებულებით მისი წილი დაახლოებით 50%-ს შეადგენს.
რუსეთის შემდეგ უმსხვილესი მომწოდებლები არიან:
- თურქეთი - 2.8 მილიონი დოლარი, 751 ტონა;
- საფრანგეთი - 869 ათასი დოლარი, 149 ტონა;
- რუმინეთი - 682 ათასი დოლარი, 122 ტონა;
- ავსტრია - 614 ათასი დოლარი, 109 ტონა.
სიმინდი ასევე შემოვიდა არგენტინიდან, უნგრეთიდან, ეგვიპტიდან, საბერძნეთიდან და სერბეთიდან.
რაც შეეხება ექსპორტს, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან 1 მილიონი დოლარის ღირებულების 1 104 ტონა სიმინდი გავიდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 776 ათას დოლარს და 1 782 ტონას შეადგენდა.
შედეგად, ექსპორტის ღირებულება 34.6%-ით გაიზარდა, თუმცა მოცულობა 38%-ით შემცირდა, რაც მიუთითებს, რომ წელს საქართველომ სიმინდი უფრო მაღალ ფასად გაყიდა.
საანგარიშო პერიოდში ქართული სიმინდი მხოლოდ სამ ქვეყანაში გავიდა:
- სომხეთში – 618 ათასი დოლარის ღირებულების 148 ტონა;
- ირანში – 292 ათასი დოლარის ღირებულების 934 ტონა;
- აზერბაიჯანში – 134 ათასი დოლარის ღირებულების 21 ტონა.




























