წელს, პირველ 3 თვეში შაქრის იმპორტი გაიზარდა, თუმცა ამის მიუხედავად, პროდუქტზე ფასის გაიაფება შეინიშნება.
უფრო კონკრეტულად, წელს, 3 თვეში საქართველომ 20,866 ტონა შაქარი შეიძინა, რაშიც $12,6 მლნ გადაიხადა. ამის პარალელურად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს $10,2 მლნ-ის 12,734 ტონა შაქარი ჰქონდა შეძენილი. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს შაქრის იმპორტი 63.8%-ით გაეზარდა.
ქვეყნისთვის მთავარი საიმპორტო ქვეყანა საფრანგეთია, სადაც საქართველომ $4,6 მლნ-ის ღირებულების 7,405 ტონა შაქარი იყიდა.
საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი წელს, 3 თვეში ასეთია:
- საფრანგეთი - $4,6 მლნ, 7,405 ტონა;
- უკრაინა - $2,6 მლნ, 4,948 ტონა;
- ნიდერლანდები - $1,4 მლნ, 2,286 ტონა;
- პოლონეთი - $1 მლნ, 1,686 ტონა;
- გერმანია - $840 ათასი, 1,417 ტონა.
შეგახსენებთ, რომ "აგარის შაქრის" ქარხანა, რომელიც ქვეყანაში შაქრის ერთადერთი გადამმუშავებელი კომპანიაა, მორიგი საკონსერვაციო პერიოდის შემდეგ 15 მაისს ამოქმედდება. „აგარის ქარხნის“ მორიგ ამუშავებას წინ უძღვის შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადის ამოქმედება, რომლის გადახდაც იმპორტიორ კომპანიებს 22 აპრილიდან 1 ტონა შაქრის შემოტანისას 400 ლარის გადახდა მოუწევთ, რაც არ გავრცელდება შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.
ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ საიმპორტო გადასახადის ამოქმედება „აგარის შაქრის საწარმოს“ მუშაობის განახლების შესაძლებლობას მისცემს, რაც 500-მდე დასაქმებულის სამუშაო ადგილზე დაბრუნებას გულისხმობს.