ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელი ალკის ვრიენიოს დრაკინოსი ამბობს, რომ გეგმავენ საქართველოს კერძო სექტორს 300 მლნ ევროთი დაეხმარონ. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას საქართველოს დაპაუზებული ევროინტეგრაცია როგორ აისახებოდა საქართველო-EBRD-ის ურთიერთობაზე და დაკრედიტების პროცესზე.
"ძალიან ვართ მოწოდებული, რომ კვლავაც დავუჭიროთ მხარი საქართველოს კერძო სექტორსა და ქვეყნის განვითარებას. მაგალითად, წელს საქართველოში სხვადასხვა სექტორში, ბანკებში, მცირე და საშუალო საწარმოში 300 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ. ასე რომ საკმაოდ აქტიურები ვართ.
ამ ეტაპზე ყურადღებას არსებული პროექტების განვითარებისა და მონიტორინგის ვამახვილებთ. გვაქვს პრიორიტეტები და შესაბამისად ვაკვირდებით, სად და რას გავაკეთებთ. ასე რომ გავაგრძელებთ რეგიონული მნიშვნელობის პროექტების კვლევასა და განვითარებას", - აცხადებს დრაკინოსი.
"ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა დღევანდელ შავი ზღვის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, რომელიც "შუა დერეფანს" ეძღვნება. "შუა დერეფანი" ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და ინიციატივაა და საქართველო მის შუაგულში მდებარეობს. მთელმა კავკასიამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს აზიისა და ევროპის დაკავშირებაში, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალიან დაინტერესებულია ჩაერთოს ყველა პროცესში, ყველა განხილვასა და პროექტის კვლევით ეტაპში. იმისთვის რომ შევაფასოთ თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ შუა დერეფანი რეალური და სიცოცხლისუნარიანი გზა ევროპის და აზიის დასაკავშირებლად.
ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც შუა დერეფნის ნაწილს შეადგენენ, ცენტრალური აზიიდან კავკასიის ჩათვლით. თუ საქართველოზე ვისაუბრებთ ჩვენ უკვე ჩადებული გვაქვს ინვესტიციები სარკინიგზო და საგზაო პროექტებში", - განაცხადა მან.
დღეს, 20 ნოემბერს, ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია იმართება.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და რეფორმებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ვაჭრობის გამარტივებას შავი ზღვის გავლით და რეგიონული ურთიერთკავშირების გაძლიერებას.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების 150-მდე წარმომადგენელი საქართველოდან, ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.



























