კომპანია “თეთრი კვადრატის” მმართველი პარტნიორი, ირაკლი ბურდილაძე აცხადებს, რომ უძრავი ქონების სექტორი მაღალი მოთხოვნიდან და ამონაგებიდან გამომდინარე, საინვესტიციოდ კვლავ მიმზიდველად რჩება.
როგორც ბურდილაძემ BMG-ის განუცხადა, სწორედ ეს ფაქტორებია, რის გამოც უძრავი ქონების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა იზრდება.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში „თეთრი კვადრატი“ ჯამში 80 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
“უძრავი ქონება და მშენებლობა ქართული ეკონომიკის უმსხვილესი სექტორებია. ჯამურად ისინი მთლიანი შიდა პროდუქტის 18%-ს შეადგენს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ნომინალურ ნაწილში საქართველოს ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი გაორმაგდა და როდესაც ქვეყანაში გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ბუნებრივია, რომ უცხოური ინვესტიციები მის ყველაზე მსხვილ სექტორში მიემართება. უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციებზე ამონაგებიც საკმაოდ მაღალია და სწორედ ეს განაპირობებს ინვესტორების ინტერესს ამ სექტორის მიმართ.
მაგალითად, ჩვენ შარშან ძალიან კარგი წელი გვქონდა, თუმცა წელს ჩვენი გაყიდვები დაახლოებით 40%-ით აღემატება შარშანდელ შედეგს ანალოგიური პერიოდისთვის. შარშან ჩვენმა კომპანიამ 50 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაში და წელს, გამომდინარე იქიდან, რომ გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი, ამაზე მნიშვნელოვნად უფრო მეტი თანხის ინვესტირებას ვაპირებთ უძრავ ქონებაში და ვაპირებთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას. დაახლოებით საუბარია ჯამში 80 მილიონი დოლარის ფარგლებში ინვესტიციის განხორციელებაზე წელს, შესაძლოა, 100 მილიონ დოლარამდეც ავიდეს”, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.
ცნობისთვის, საქსტატის თანახმად, წელს მეორე კვარტალში უძრავი ქონების სექტორში თითქმის 120 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. ჯამურად 6 თვეში კი დარგში ინვესტიციების მოცულობა 28%-ით, 168.5 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.
























