საბანკო ასოციაციაში ელიან, რომ მიმდინარე წელი სექტორისთვის სესხების ორნიშნა ზრდის მაჩვენებლით დასრულდება.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა, საკრედიტო პორტფელის ზრდის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალია, რაც მათ შორის სეზონურობას უკავშირდება.
ამასთან, ძნელაძის თქმით, ჯერჯერობით რთულია პროგნოზირება, რა გავლენა ექნება მომავალი წლიდან ფიზიკური პირებისთვის დაგეგმილ რეგულაციებს დაკრედიტების ტემპზე.
„წელს [სესხებში] ორნიშნა ზრდა მოსალოდნელია, რადგან საკრედიტო პორტფელის ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას ველოდებით. ზაფხულის შემდეგ [დაკრედიტებაში] სტანდარტულად გააქტიურება არის ხოლმე მოსალოდნელი, კიდევ უფრო მეტი აქტივობა არის მოსალოდნელი წლის ბოლომდე. მომავალ წელს რაც შეეხება რეგულაციები შედის ე.წ PTI-ს ნაწილში, მაგრამ დღეის მდგომარეობით ძალიან რთულია ვისაუბროთ, ეს სისტემურად შეანელებს აქტივობას თუ კონკრეტული ადამიანებისთვის იქნება პრობლემას სესხის აღება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ენდომებათ", - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
ცნობისთვის, სექტემბერში საბანკო სექტორში დაკრედიტების ტემპი დაჩქარდა და წლიურად სესხების ზრდამ თითქმის 17% შეადგინა. შედეგად საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი 78.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობები მკაცრდება. იცვლება სესხის მომსახურების კოეფიციენტი, ანუ PTI, რომელიც განსაზღვრავს, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის რა ნაწილის გამოყენება შეიძლება სესხის მომსახურებისთვის. კერძოდ, ამჟამად მოქმედი შემოსავლის 1500-ლარიანი ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. 2027 წლის 1 თებერვლიდან 25%-იანი PTI-ის მოთხოვნა 2000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდება, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან ზღვარი 2500 ლარამდე გაიზრდება.
























