სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს სოციალური შემწეობის მიმღებებზე გადარიცხული თანხა დაახლოებით 83 მლნ ლარით შემცირდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. აქედან უშუალოდ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე კლება დაახლოებით 30 მლნ ლარია, ხოლო დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე შემცირება 52 მლნ ლარს აჭარბებს.
კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახების დახმარებაზე ჯამში 630 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. აქედან 449 მლნ ლარი საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე, ხოლო 181 მლნ ლარი საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მონაწილეებზე დაიხარჯა.
თვეების მიხედვით გადარიცხული თანხები ასე ნაწილდება:
| თვე | საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე გადარიცხული თანხა (ლარი) | საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხა (ლარი) | სულ გადარიცხული თანხა (ლარი) |
| იანვარი | 47 631 520 | 23 641 935 | 71 273 455 |
| თებერვალი | 47 497 500 | 23 680 430 | 71 177 930 |
| მარტი | 44 857 245 | 22 082 585 | 66 939 830 |
| აპრილი | 45 245 665 | 20 247 560 | 65 493 225 |
| მაისი | 43 506 075 | 19 031 805 | 62 537 880 |
| ივნისი | 43 859 960 | 17 357 750 | 61 217 710 |
| ივლისი | 44 732 865 | 15 427 955 | 60 160 820 |
| აგვისტო | 45 346 990 | 14 384 495 | 59 731 485 |
| სექტემბერი | 44 016 970 | 13 251 980 | 57 268 950 |
| ოქტომბერი | 42 523 160 | 11 699 275 | 54 222 435 |
საარსებო შემწეობაზე საბიუჯეტო დახმარების კლება სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირებას უკავშირდება. ბოლო ათ თვეში საარსებო შემწეობა 191 736 პირს შეუწყდა, აქედან 122 ათასამდე დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული, რომელიც მთავრობამ გააუქმა.
7 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საარსებო შემწეობის ბაზების გადახედვის შედეგად სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაზოგა.
"ვინაიდან ბაზა დინამიკურია და მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მას ემატებიან ახალი ოჯახები ან ტოვებენ. ზუსტი ციფრების დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბაზის სრულყოფილად გასწორების შემდეგ საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დაზოგვაზე", - თქვა სარჯველაძემ.
ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა 2020 წლიდან დაიწყო, როცა პანდემიის საბაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადამოწმება შეჩერდა. ამას 2022 წლიდან სახელმწიფო დასაქმების პროგრამაც დაემატა, რომელსაც შემწეობაზე მყოფი პირები დასაქმების ბაზრისთვის უნდა მოემზადებინა, თუმცა პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ წინამორბედის დროს ამუშავებული პროგრამა უსარგებლო, ხოლო დასაქმება ფიქციური იყო. ამასობაში მთავრობის მიერ უსარგებლოდ შეფასებულ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.























