2024 წლის 22-24 აპრილს წყალტუბოში ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა (EHTTA) პირველად ჩატარდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი, პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში, მოხსენებას წარადგენს.
დავითაშვილის მოხსენების თანახმად, ასამბლეაში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტი კურორტის ხელმძღვანელი მიიღებს.
“EHTTA-ს გენერალური ასამბლეის საქართველოში ჩატარების შედეგად, მოხდება ქვეყნის ბალნეოლოგიური კურორტების პოპულარიზაცია, კომერციალიზაცია და ტურისტული პროდუქტების განვითარება”, - ვკითხულობთ მოხსენებაში.
ეკონომიკის მინისტრის მოხსენებაში საუბარია კურორტების განვითარების გეგმაზეც, რომლის თანახმადაც ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში, შეირჩა 60-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის, მათ შორის ბალნეოლოგიური, კლიმატური, მთის, ტბის, ზღვის კურორტი და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი, რომლებზეც ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები მსოფლიოში საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა მოამზადეს.
“უახლოეს მომავალში იგეგმება ბიზნეს სექტორისთვის სააგენტოს მიერ მომზადებული კვლევების წარდგენა და საინვესტიციო პროექტების შეთავაზება.
2024 წელს დამატებით იგეგმება 20-ზე მეტი კურორტისა და საკურორტო ადგილის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა. რაც მთავარია, 2024 წელს აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს კურორტების განვითარების სტრატეგია შემუშავდება”, - ნათქვამია დავითაშვილის მოხსენებაში.
“მინისტრის საათის” ფორმატში დავითაშვილი უწყების მიერ გაწეული მუშაობისა და გეგმების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.