„იბერკომპანის“ დირექტორის ლევან დიასამიძის თქმით, უძრავი ქონების ბაზარი წლის პირველ კვარტალში საშუალოდ 10%-იან ზრდას აჩვენებს.
ლევან დიასამიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გავლენაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები, თუმცა განსაკუთრებული ინტერესი უცხოელი ინვესტორების მხრიდან ჯერ არ იკვეთება.
„ამ ეტაპზე კონკრეტული აქტივობის მკაფიო ნიშნები ჯერ არ იკვეთება. უფრო მოლოდინების ფაზაში ვართ. ეს მოლოდინები, ძირითადად, შუამავალი კომპანიების მიერ ყალიბდება, რომლებიც ინვესტორებს ადგილობრივ ბიზნესებთან აკავშირებენ. თუ კონფლიქტი ხანგრძლივად გაგრძელდება, გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტული შედეგების დაფიქსირება რთულია.
ზოგად სურათს თუ შევხედავთ, წინა წელთან შედარებით პირველ კვარტალში დაახლოებით 10%-იანი ზრდა გვაქვს და ბაზრის ზრდაც ვფიქრობ, რომ დაახლოებით 5-10%-ის ფარგლებშია.
პროექტების სამი ფაზა არსებობს: საწყისი, შუა და საბოლოო ფაზა. ჩვენი პროექტი საბოლოო ფაზაშია, შესაბამისად, გაყიდვები შედარებით, წინა წელთან შედარებით, მცირედით გაიზარდა. ახალი პროექტი რომ დაგვესტარტა, სიტყვაზე, შეიძლება გახუთმაგებულიყო. აქედან გამომდინარე, უფრო უნდა დავაკვირდეთ ბაზრის ზრდას და არა კომპანიის კონკრეტული პროექტებიდან გამომდინარე ზრდას, რაც უფრო მნიშვნელოვან და სწორ სურათს დაგვანახვებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემთხვევაში დაახლოებით 10%-იანი ზრდა გვაქვს და მგონია, ბაზარიც ასე იზრდება“, - განაცხადა დიასამიძემ.
„იბერკომპანიში“ გართულებული ლოგისტიკისა და საწვავის გაძვირების გამო, სამშენებლო ფასების 10-15%-ით ზრდას ვარაუდობენ.
„ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ფასებზე ზეწოლას ახდენს, სამშენებლო მასალების გაძვირებაა. ამას რეგიონში მიმდინარე პროცესები განაპირობებს, მათ შორის ირანთან დაკავშირებული ლოგისტიკური სირთულეები, ტრანსპორტირება და მომარაგება. მოლოდინია, რომ უახლოეს 1–1.5 თვეში უძრავი ქონების ფასები 10-15%-ით გაიზრდება“, - აღნიშნა ლევან დიასამიძემ.




























