“ქართული ზეთისხილის” დამფუძნებლის გიორგი სვანიძის განცხადებით, წელს ზეთისხილის სამჯერ მეტ მოსავალს ელოდებიან. როგორც ბიზნესმენმა bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, თუ ამინდმა ხელი შეუწყო ბაღებს, წლევანდელ სეზონზე 700 ტონა მოსავლის აღებას შეძლებენ.
„სექტემბრის ბოლოდან იწყება მოსავლის აღება და ოქტომბერი, ნოემბერი გრძელდება. იმედი გვაქვს, რომ წელს კარგი მოსავალი გვექნება. ყველაფერი კარგად თუ იყო, ველოდებით 700 ტონას. გასულ სეზონზე 200-250 ტონა იყო”, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, “ქართული ზეთისხილის” ბაღების ფართობი ფაქტობრივად ყოველწლიურად იზრდება. ამჟამად, კომპანიას 1500 ჰექტარამდე ფართობის ბაღები აქვს კახეთში, ბაღდათსა და მარნეულში.
“ყოველ წელს ჩვენ ახალ ნერგებს ვრგავთ. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 280-300 ათასამდე ნერგი დავრგეთ”, - აღნიშნა “ქართული ზეთისხილის” დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, კომპანიამ პირველი ზეთისხილის ბაღები 7 წლის წინ გააშენა. შემდეგ კი აშენდა პირველი ზეთისხილის გადამმუშავებელი ქართული საწარმო სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსდა. მეორე საწარმო დედოფლისწყაროში, ტარიბანას ველზე გასულ წელს ₾7 მილიონის ინვესტიციით გაიხსნა. საწარმოში იწარმოება ზეთისხილის მარინადები და ზეითუნის ზეთი. კომპანია საკუთარი ბაღების გარდა, მოსავალს სხვა ფერმერებისგანაც იბარებს.
“გასულ წელს ახალი საწარმო ავაშენეთ. იგი აღჭურვილია აბსოლუტურად ბოლო ტექნოლოგიებით, თუკი რამე დღეს არსებობს ზეთისხილის დარგში - ვაკუუმის დაწურვა, ჩამოსასხმელი იტალიური ხაზები”, - დასძინა გიორგი სვანიძემ.
“ქართული ზეთისხილის” პროდუქცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. თუმცა კომპანია ექსპორტსაც ახორციელებს. “გვაქვს მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ასევე ყაზახეთშიც. ჰოლანდიასთანაც მიდის ახლა მოლაპარაკება”, - განაცხადა მან.
რამდენიმე წლის წინ კომპანიას ჩინეთის ბაზარზე გასვლის მცდელობაც ჰქონდა. თუმცა გიორგი სვანიძის თქმით, გასულ წელს დიდი მოსავალი არ იყო, ამიტომ ადგილობრივ ბაზარზე კონცენტრირდნენ.
ცნობისთვის, წელს საქართველოდან ზეთისხილის ექსპორტი შემცირებულია. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, ქვეყნიდან 116 300 აშშ დოლარის 42 ტონა დაკონსერვებული ან ძმრის და დამატების გარეშე დამზადებული ზეთისხილი გავიდა. შარშან ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 138 800 აშშ დოლარი და 56 ტონა იყო. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, წელს, ზეთისხილის ექსპორტი მხოლოდ სომხეთში ფიქსირდება, გასულ წელს კი მცირე რაოდენობით ზეთისხილი კანადაშიც გავიდა.
შემცირებულია ზეითუნის ზეთის ექსპორტიც. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში მხოლოდ 14 700 აშშ დოლარის 2 ტონა ზეითუნის ზეთის ექსპორტი ფიქსირდება, გასულ წელს კი 46 400 აშშ დოლარის 11 ტონა პროდუქტი გავიდა პირველ ოთხ თვეში ექსპორტზე. ამ შემთხვევაშიც საექსპორტო ბაზარი სომხეთია.




























