მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, „ზეზეწარი“ სავაჭრო ცენტრში შესვლას გეგმავს

ზეზეწარი

ზეზეწარი“ სახლის ტექსტილის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ზეწრებს, პირსახოცებს, პიჟამასა და თეთრეულის ნაირსახეობას სთავაზობს.

როგორ ბრენდის დამფუძნებელი, მარიამ ახვლედიანი BM.GE-სთან აღნიშნავს, მათ პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მატულობს. მოთხოვნის შესაბამისად კი, ასორტიმენტის გაფართოებაც მუდმივი პროცესია.

მისი ინფორმაციით, პროდუქციის რეალიზაცია ბოლო ერთი წელია ვაკის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ შოურუმში მიმდინარეობს. თუმცა, ასევე შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით ონლაინ შეძენაც, სხვადასხვა პლატფორმების („გლოვო“, „ვოლტი“ და „ველი სთორი“) საშუალებით. წელს, ბრენდი თბილისის რომელიმე სავაჭრო ცენტრში შესვლას გეგმავს, რომლებთანაც ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ ის ფაქტი, რომ ჩვენი პროდუქცია ქართული ნაწარმია. ახალი „შოურუმისთვის“ სავაჭრო ცენტრებში სივრცის მოძიების პროცესი მიმდინარეობს და ამჟამად მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ.

პროდუქციის ნაწილი საქართველოში არსებულ პარტნიორ საწარმოებში მზადდება, ხოლო ისეთი პროდუქციის დამზადება, როგორიცაა მაგალითად პირსახოცი, მისი წარმოება თურქეთში ან პორტუგალიაში მიმდინარეობს. ამის მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში ამ სახის პროდუქციის წარმოება, ტექნიკურად შეუძლებელია. რაც, ჩვენს შემთხვევაში ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს.

უახლოეს 2-3 თვეში ახალი კოლექციაც უნდა დაგვემატოს, ახალი ტიპის ქსოვილებით, როგორიცაა მაგალითად, ტილო,“- აცხადებს ახვლედიანი.

მისივე ცნობით, ონლაინ გაყიდვების კუთხით, რეგიონები მნიშვნელოვნადაა გააქტიურებული. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ წელს მოესწრება, ერთ-ერთი სამიზნე ობიექტი, სადაც შესაძლოა სტენდი განათავსონ, ბათუმი იქნება. თუმცა, სხვა დეტალებზე ამჟამად ბრენდის დამფუძნებელი არ საუბრობს.

სამომავლოდ, კომპანია საკუთარი საწარმოს შექმნას გეგმავს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ იდეაა და სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

ინფორმაციისთვის, სახლის ტექსტილის მწარმოებელი ბრენდი „ზეზეწარი“ საქართველოს ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ზეწრებს, პირსახოცებს, პიჟამასა და თეთრეულის ნაირსახეობას სთავაზობს. საწარმოო ხაზის ასამოქმედებლად, ბრენდის საწყისი ინვესტიცია 20 000 ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები