მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცენტრალური აზიის უდიდესი სამშენებლო გამოფენა - 10–12 თებერვალს ტაშკენტში UzBuild 2026 გაიმართება

UZBUILD

10-12 თებერვალს, უზბეკეთი ცენტრალური აზიის უდიდესი სამშენებლო გამოფენის მასპინძელია. UzBuild წელს უკვე 26-ედ ტარდება და თავისი მასშტაბიდან გამომდინარე სამშენებლო სექტორისთვის რეგიონში მთავარ B2B პლატფორმას წარმოადგენს. გამოფენას 22 ქვეყნიდან 418 მონაწილე კომპანია და 13 ათასზე მეტი ვიზიტორი დაესწრება, რომელთა შორის დეველოპერები, სამშენებლო კომპანიები, დისტრიბუტორები, სახელმწიფო სტრუქტურები, არქიტექტორები და დიზაინერები იქნებიან.

ღონისძიებას მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტატუსი, რომელიც დადასტურებულია გამოფენების ინდუსტრიის გლობალური ასოციაციის (UFI) მიერ.

მნიშვნელოვანია, რომ წელს გამოფენაზე საქართველო “ლოიალტე უზბეკეთის” ორგანიზებით ოფიციალურად პირველად იქნება წარმოდგენილი. როგორც კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ბაჩანა შელიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, გამოფენაში საქართველოდან 10 კომპანია მიიღებს მონაწილეობას, რაც მათ უზბეკეთის ბაზარზე გასვლის საშუალებას აძლევს.

„საუბარია საერთაშორისო სტატუსის მქონე ღონისძიებაზე, რომელიც 2000 წლიდან იმართება. 2 ჰა-ზე იქნება წარმოდგენილი ანუ საკმაოდ დიდი მოცულობის გამოფენა ტარდება. ჩვენ მეორე წელია ვცდილობდით რომ საქართველოზე აგვეღო ექსკლუზივი და წელს ეს მოვახერხეთ. ქართველ კომპანიებს ვაძლევთ საშუალებას, რომ იმ ბაზარზე, რომელიც ჯერ კიდევ ღია და მიმზიდველია, გავიდნენ და გაიზარდონ.

22 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, რომელთა შორის არის ავსტრია, რუსეთი, ბელარუსი, ჩინეთი, გაერთიანებული საამიროები, ყაზახეთი და სხვები. ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამი ეროვნული პავილიონი და აქ იქნება დიდი ბრიტანეთი, გერმანია და თურქეთი. წელს ჩვენი დროშის ქვეშ ოფიციალურად უკვე 10 კომპანიით გავალთ და სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ მასშტაბები გაიზრდება.

მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ქართულისადმი საკმაოდ კარგი მიმღებლობა აქვთ, საქართველო ასოცირდება საერთაშორისო ბრენდთან, გამოცდილებასთან და ცდილობენ, რომ ეს სიახლე რაც გვაქვს ჩვენ, გაიზიარონ“, - განაცხადა ბაჩანა შელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები