მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცენტრალური გზის ჯგუფურად ბლოკირება 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება - შსს-ს განცხადება

შსს

შსს 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" დაანონსებულ აქციაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების თანახმად, ეს გზა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების სიაშია და მისი ჯგუფურად ბლოკირება 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედია პლატფორმაზე ვრცელდება ინფორმაცია, 2 თებერვალს ცენტრალურ მაგისტრალებსა და ავტობანებზე გასამართი შეკრება- მანიფესტაციის შესახებ.

გვსურს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვაცნობოთ, რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას.

აქვე, გვსურს, განვმარტოთ, რომ სტრატეგიული ანდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მოიცავს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებს, ასევე, მაგისტრალებსა და დედაქალაქში შესასვლელ და გასასვლელ ცენტრალურ გზებს. კერძოდ - იმ ტერიტორიასაც სადაც 2 თებერვალს აქციაა დაანონსებული",- აცხადებენ შსს-ში.

2 თებერვალს პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა "თბილისი მოლთან" დაანონსდა. 31 იანვარს გამოქვეყნდა "ქართული ოცნების" მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომლითაც საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები