წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგა. ადგილზე იმყოფებოდა BMGTV-ის გადამღები ჯგუფი და ავტომობილები შეუზღუდავად გადაადგილდებიან.
როგორც ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანია „ბლექ სი გრუპ“-ის დირექტორმა, ამირან მამუჭაძემ განაცხადა, თავდაპირველად კომპანიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო, ვინაიდან ტენდერის გამოცხადების დროს სხვა პროექტებს ახორციელებდა და თავისუფალი რესურსი არ ჰქონდა.
„საკმაოდ ბევრი გამოწვევა იყო, ხშირად გვიწევს მსგავს პროექტებში ჩართვა. ჩვენს კომპანიას გააჩნია საკმაოდ კარგი გამოცდილება მსგავსი კომუნიკაციების განახლება-გადალაგების. გამოსასწორებელი ბევრი არაფერი დაგვხვედრია, თუმცა სამუშაო ბევრი იყო. ჩვენ გვაქვს გამოცდილება საქართველოს ფარგლებს გარეთაც და შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი პროექტები არათუ 8 თვე, ორი წელიც კი გრძელდება. დაიდო შედეგი, რასაც დღეს ხედავთ“, - განაცხადა ამირან მამუჭაძემ.
კითხვაზე, რამდენად მოგებიანი იყო კომპანიისთვის იმ ლოტის ჩაბარება, რომელიც უკვე დასრულებულია, მამუჭაძე პასუხობს, რომ კომპანიას კანონით აქვს გაწერილი, რომ კომერციული ინტერესის ქონის უფლება აქვს, შესაბამისად, კომპანიამ მცირე სარგებელი მიიღო.