მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წერტილი უნდა დაესვას ერთპიროვნულ მმართველობას"- დავით ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილი

"წერტილი უნდა დაესვას ერთპიროვნულ მმართველობას", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი მოსაზრებით, საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა სჭირდება, რადგან ქვეყანაში რეფორმებია გასატარებელი, ამ რეფორმებს კი ევროპა ითხოვს.

„ხშირად არის ეკონომიკურ ზრდაზე აქცენტი, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს როგორ აისახება მოსახლეობაზე, - როგორ მოხმარდება და გადანაწილდება საზოგადოებაში. ამ მიმართულებით, უამრავი რეფორმაა გასატარებელი და ევროკავშირთან დაახლოება ამ მხრივ ძალიან წაგვადგება. მაგალითად, ევროპა პროდუქტზე სტანდარტს ითხოვს, ჩვენ კი შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს და ვერ ვამზადებთ იმ სტანდარტით, რომ ევროკავშირში გავიტანოთ. ამ მხრივ, შეიძლება ძალიან დიდი ხელშეწყობა გვქონდეს და ამან საშუალო, მცირე და დიდი ბიზნესი გაზარდოს“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

იგი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ევროკავშირთან დაახლოებამ შეამციროს ემიგრანტთა რაოდენობაც: „თუ ეკონომიკური რეფორმები სწორად წავიდა და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გაიზარდა, მაშინ ემიგრაცია შესაძლოა შემცირდეს, რადგან ნებისმიერ ადამიანს ურჩევნია თავის სახლში იყოს ვიდრე სხვაგან“.

დავით ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ რეფორმების გასატარებლად ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს.

„რეფორმები ერთპიროვნული მმართველობის პირობებში რთულად გატარდება და ამისთვის ოპოზიციაში და სამოქალაქო სექტორში სერიოზული საპირწონე ძალაა საჭირო. როცა ინტერესთა შეხმა-შემოხლაა გაცილებით ეფექტურია ეს რეფორმები, რადგან ყველას ერთმანეთის ეშინია. ფაქტობრივად 30 წელია ერთპიროვნულ მმართველობაში ვართ და ამას წერტილი უნდა დაესვას“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები