წერტილი უნდა დაესვას მრავალწერტილს და სახელი უნდა დაერქვას ყველას და ყველაფერს, - ასე უპასუხა პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილის“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას, რას უნდა დაესვას ქვეყანაში წერტილი.
მისი მოსაზრებით, როგორც ამომრჩეველმა ისე პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაპირებები შეასრულონ.
„წერტილი უნდა დაესვას მრავალწერტილს. უნდა მივეჩვიოთ, რომ სახელი უნდა დაერქვას ყველას და ყველაფერს და წერტილებით უნდა ვიაროთ. ვიღაც არ მოგწონს, მაგრამ არა უშავს და მაინც ირჩევ, ეგრე არ არის, პასუხისმგებლობა უნდა აიღო და ვისაც აირჩევ, მერე იმ ვიღაცას უნდა მიჰყვე ის ოთხი წელი, დაეხმარო კიდევ და მოკითხო კიდეც“, - განაცხადა მან.
დავით უსუფაშვილის მოსაზრებით, ქვეყანას განვითარებისთვის თავისუფლება სჭირდება, რაც "მთავრობამ უნდა აწარმოოს".
"პოლიტიკოსობა - ეს არის თემა, რომელიც საქართველოში გაქრა, იმიტომ რომ პოლიტიკა გაქრა. განვითარებისთვის თავისუფლება გვჭირდება და აღარ უნდა შეგვეშალოს ადამიანში იმის გამოცნობა, ამ ადამიანს [პოლიტიკური პარტიას] მართლა ქვეყნის ინტერესები აწუხებს თუ არა, აქედან გამომდინარე იგი კანონს პირველ რიგში თავად ემორჩილება, სანამ ვინმეს რამეს მოსთხოვს.
ამომრჩეველმა არჩევნებისას ბევრი რამ ნდობაზე უნდა დაამყაროს. ლაპარაკი ყველამ ისწავლა - 27 პარტია გამოვა და ძალიან ლამაზად გელაპარაკებათ, მაგრამ ამ ლამაზად ლაპარაკის მიღმა ვარჩევთ, ვინ მსახიობობს და ვინ გულწრფელია. "ლელო" რომ ლაპარაკობს, რომ ამ ქვეყანაში კორუფციას დავამარცხებთ, მართლა მოვაცილებთ კორუფციას ამ ქვეყანას და მოსახლეობის დიდი ნაწილი ამოისუნთქებს, მაგრამ ჩასუნთქვა მოუწევს იმ ელიტას, რომელიც კორუფციით სარგებლობს.
თავისუფლება მთავრობამ უნდა აწარმოოს. "ოცნება აწარმოებს მონობას". თავად ემონებიან თავიანთ აიათოლას და ამით ქვეყანაშიც მონობას აწარმოებენ", - განაცხადა მან.