სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილის მოსაზრებით, საქართველოში პოლარიზაციას, დემონიზაციას და დისკრედიტაციას წერტილი უნდა დაესვას.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, ქვეყანას განვითარებისთვის მაღალი კულტურის მქონდე, განათლებული სამოქალაქო საზოგადოება სჭირდება, რათა პოლიტიკურ პროცესებს ყურადღებით დააკვირდეს და ხელისუფლების მიმართ მომთხოვნი იყოს.
„მცირე ქვეყანა ვართ და რაღაც საკითხებზე ერთიანი უნდა ვიყოთ, ისევე როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზეა ქვეყანა ერთიანი. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთთან საუბარი, მიუხედავად იმისა ვეთანხმებით თუ არა ერთმანეთს. შეიძლება, გარკვეულ საკითხებზე აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები გვქონდეს, მაგრამ ერთმანეთის კრიტიკა უნდა ავიტანოთ. პირველ რიგში ეს ხელისუფლება ეხება და მერე ყველას.
განვითარებისთვის მაღალი კულტურის მქონდე სამოქალაქო საზოგადოება გვჭირდება, ასევე განათლების მაღალი დონე, როგორიც პოლიტიკური განათლება ისე სკოლის, უნივერსიტეტის თუ პროფესიული განათლება, რაც პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ ადამიანის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან, არამედ იმასთან, თუ რამდენად მომთხოვნია ხალხი საკუთარი ხელისუფლების მიმართ და რამდენად ყურადღებით არის პოლიტიკური პროცესების მიმართ. როგორც მათ შორის ევროკავშირი მოგვიწოდეს, წერტილი უნდა დაესვას, პოლარიზაციას, დემონიზაციას და დისკრედიტაციას“, - განაცხადა მან.