“წერტილი უნდა დაესვას უმოქმედობას. ქვეყანა აკეთებს ბევრს, მაგრამ მე უფრო ქვემოთ ჩავიდოდი - დროა, უფრო მეტი საქმე გავაკეთოთ და ნაკლები ვისაუბროთ“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მფლობელი და ადმინისტრატორი კომპანია „ზოტი ჰოლდინგის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა სოსო ნიბლაძემ წამყვანის შესაბამის კითხვას.
მისივე აზრით, საქართველოს განვითარებისთვის სტაბილურობა და ინვესტორებში რწმენა სჭირდება. „რწმენის ზრდას კი, განაპირობებს სტაბილურობა“, - ამბობს ბიზნესმენი.
სოსო ნიბლაძის თქმით, გამომდინარე სამეზობლოსა და რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარებისა, თბილისის თიზ-ის მფლობელებისთვის პრიორიტეტი მცირე და საშუალო ზომის ინვესტიციების მოზიდვაა
„ზოგადად, არ ვთვლი, რომ ქვეყანამ აქცენტი მხოლოდ მსხვილ პროექტებზე უნდა გააკეთოს. პირადად ჩვენთვის, მიზნობრივი სეგმენტი ყოველთვის უნდა იყოს მცირე და საშუალო ბიზნესი და ინვესტიციები. ეს არის ჩვენი რეალობა. სხვას ფიზიკურად ვერ გავწვდებით, ხოლო იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი მოიზიდო, შენ სტაბილური მიკრო და მაკრო ატმოსფერო უნდა შექმნა“, - თქვა სოსო ნიბლაძემ.