მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წერტილი უნდა დაესვას ზედაპირულ მსჯელობას, რომ [ყველა] სოცდაუცველი ზარმაცია - მკვლევარი

ვახტანგ ნაცვლიშვილი

მკვლევარ ვახტანგ ნაცვლიშვილის განცხადებით, წერტილი უნდა დაესვას ზედაპირულ მსჯელობას, რომ [ყველა] სოციალურად დაუცველი მოქალაქე ზარმაცია და მუშაობა არ უნდა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა .. სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის გაცხადებული მიზნები და ეფექტიანობა იყო.

როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაწყებული „საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა“ უქმდება. 40 000-მდე სოცდაუცველის 300-ლარიანი ხელფასისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2022-2024 წლებში დაიხარჯა 380 მილიონი ლარი, მაგრამ პროგრამის ეფექტიანობის ანგარიში „ოცნების“ მთავრობას საზოგადოებისთვის, ჯერჯერობით, არ წარუდგენია. ასევე, უცნობია, რით ჩანაცვლდება აღნიშნული პროექტი.

ირაკლი ღარიბაშვილის "სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა" აღარ გაგრძელდება - დაიხარჯა ₾380 მლნ

ვახტანგ ნაცვლიშვილი არ ეთანხმება და ზედაპირულს“ უწოდებს მსჯელობას იმის თაობაზე, სოცდაუცველი ადამიანების უმრავლესობას მუშაობა არ სურს.

„როგორი მარტივია იარლიყის გასროლა საზოგადოებრივ დისკუსიებში, რომ 700 000 ადამიანი უბრალოდ ზარმაცია და მუშაობა არ უნდა, ხომ?!.. 700 000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს, სტრუქტურულ სიღარიბეზე მიუთითებს და არა ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ამიტომ მსჯელობა, რომ ვიღაცას სასტუმროში მუშაობა არ უნდა, რადგან ზარმაცია, ზედაპირულია... მნიშვნელოვანი საკითხებია: ხელფასი, შრომის პირობები, ასევე, ხომ არ შეუწყდება საყოველთაო ჯანდაცვა, ხომ არ დაკარგავს სოციალურ შემწეობას და ა.შ.“, - აცხადებს მკვლევარი.

მისივე თქმით, სანდო, რაოდენობრივი კვლევები (მაგალითად, ACT-ის) აჩვენებს, რომ სოციალურად დაუცველთა შორის დასაქმების მაჩვენებელი პროცენტულად დაახლოებით იგივეა, რაც მთლიან პოპულაციაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი მუშაობენ, ოღონდ ხშირად - არაფორმალურად.

რატომ არ აქტიურდებიან სოცდაუცველები შრომის ბაზარზე? - მკვლევარს მიაჩნია, რომ სოციალურად დაუცველთა შრომითი აქტივობის მთავარი შემაფერხებელი არა - სიზარმაცე, არამედ სოციალური დახმარების სისტემის არასტაბილურობა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობაა.

ვახტანგ ნაცვლიშვილმა წერტილთან“ ინტერვიუში ახსენა 2019 წლამდე არსებული წესი, რომლის თანახმად, საქართველოში სოციალური შემწეობის მიღების სისტემა ისე იყო მოწყობილი, რომ როგორც კი სოციალურად დაუცველი პირი ლეგალურ მუშაობას დაიწყებდა, კარგავდა სტაბილურ, თუმცა მცირე, საარსებო შემწეობას.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის შემდეგ აღნიშნული წესი შეიცვალა და .. სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამის პირობების თანახმად, თუკი არაფორმალურად დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები ჩაერთვებოდნენ დასაქმების პროგრამაში, მათ ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნებდნენ საარსებო შემწეობას.

„საქართველოში სამუშაო ადგილები არც სტაბილურია და არც მაღალანაზღაურებადი. შესაბამისად, ადამიანისთვის რისკის შემცველია სტაბილური შემწეობის დათმობა იმ სამსახურის გამო, რომელიც შეიძლება მალევე დაკარგოს. ასევე, ფაქტორია სოციალური უსაფრთხოების სისტემების არარსებობა - ქვეყანაში არ მოქმედებს უმუშევრობის დაზღვევა. ადამიანი სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, რჩება ყოველგვარი გარანტიის გარეშე, რაც სოციალურ უფსკრულში ვარდნის რისკს აჩენს“, - აცხადებს მკვლევარი.

წერტილთან“ ინტერვიუში ვახტანგ ნაცვლიშვილმა ისაუბრა იმ დაუსრულებელი და გამოუქვეყნებელი კვლევის შედეგებზე, რომლის მიზანი სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის“ ეფექტიანობის გაზომვა იყო.

მკვლევარი გვიყვება, რომ დაახლოებით, 1.5 წლის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია მედია კლუბმა“, USAID-ის დაფინანსებით დაიწყო კვლევა, რათა დაედგინათ, რამდენად ქმედითია საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა“ გაცხადებულ მიზნებთნ მიმართებით. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკული დაფინანსება შეწყდა, პროეექტი გაჩერდა და შესაბამისად, კვლევაც ვერ დასრულდა;

ვახტანგ ნაცვლიშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების" დასაქმების პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ხარვეზი იყო ის, რომ ის სოცდაუცველებს არ აძლევდა ახალ უნარებს და არ ამზადებდა ღია შრომის ბაზრისთვის. პროგრამის ბენეფიციარებმა (ვისაც მკვლევარი შეხვდა) ვერ მიიღეს, ვერც პროფესიული გამოცდილება და ვერც განგრძობითი განათლება. პროგრამა, ფაქტობრივად, შემოსავლის დამატებით წყაროდ იქცა (300 ლარი თვეში) სოციალური სტატუსის შენარჩუნების გარანტიით და არა - სტრუქტურული პრობლემების გადაჭრის გზად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები