ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წევრები 65 წლის მიღწევის შემდეგ სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ.
ინიციატივა "ოცნების" დეპუტატებს ეკუთვნით, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს ენიშნება ცესკოს წევრის კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ ის 5 წლის განმავლობაში უწყვეტად იყო ცესკოს წევრი.
კანონის პროექტის მიხედვით, რომელიც 27 იანვარს დაინიიცირდა, ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობად ცესკოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ერთი მესამედი განისაზღვრება.
სახელმწიფო კომპენსაცია ცესკოს იმ წევრს არ დაენიშნება, რომლის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს და რომლითაც დადასტურებულია მის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.
იმავე ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით აღნიშნულ ქმედებაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე პაკეტით, პოლიტიკურ პარტიებზე საბიუჯეტო დაფინანსების გაცემა დაიწყება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან მეორე დღეს. აქამდე დაფინანსების გაცემა იწყებოდა ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ.