ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი მრავალი თვეა განხილვის საგანია, თუმცა წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქმე ისაა, რომ დონალდ ტუსკის თქმით, მისი მთავრობა EU-ის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს
როგორც ის განმარტავს, ევროკავშირს არ სურს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო მოქალაქეებმა აგონ პასუხი და სწორედ ამიტომ შეწყდა უვიზო რეჟიმი მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის.
„რამდენიმე წელია, საქართველო სარგებლობს პრივილეგირებული ურთიერთობით ევროკავშირთან. ჩვენ გავაფართოვეთ შესაძლებლობები ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლით, თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით. 2022 წელს საქართველოს ოფიციალურად მივანიჭეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მაგრამ ბოლო პერიოდში, თითქმის ერთი წელია, სამწუხაროდ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კარგად არ ვითარდება. მე ღიად ვეუბნები ქართველ ხალხს, რომ ახლა ეს ურთიერთობა დაბალ ნიშნულზეა და უკვე რამდენიმე თვეა, ვფიქრობთ, როგორც ევროკავშირმა, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ ქმედებებს, გადაწყვეტილებებსა და კანონმდებლობას, რასაც საქართველოს ხელისუფლება იღებს და რაც ქვეყანას აშორებს ევროკავშირისგან. კითხვაც სწორედ ეს არის, ამ პრივილეგირებულ ურთიერთობას, რომლითაც საქართველო დღემდე სარგებლობდა, არის თუ არა კვლავ დამსახურებული. დისკუსიები გრძელდება წევრ ქვეყნებს შორის იმაზე, თუ რა გაკეთდეს და ერთ-ერთი იდეა არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ამისთვის წევრების 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო. ამაზე მსჯელობა ბევრი თვეა მიდის.
ვიტყოდი, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ არ გვინდა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებებისთვის, ქმედებებისთვის და კანონმდებლობისთვის, რომელიც მიღებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამიტომ, ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შეგვეჩერებინა უვიზო რეჟიმი და არა ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელებისთვის. თუმცა, დისკუსია გრძელდება და გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნები მიიღებენ. ამ ეტაპზე, გარწმუნებთ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისიამოვნონ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში. დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს ვიზა სჭირდებათ ევროკავშირში წასასვლელად",- თქვა ელჩმა.
მისივე თქმით, გაფართოება წინ მიიწევს და ეს ევროკომისიის მთავარი პრიორიტეტია.
"ჩვენ სწრაფად მივდივართ წინ უკრაინასთან და მოლდოვასთან და საქართველოსთან პროცესი ჩიხშია. ეს უკიდურესად სამწუხაროა და ვშიშობ, ეს ისტორიული შანსი საქართველოს შემთხვევაში შეიძლება დაიკარგოს.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს საქართველო ერთ-ერთი ჩვენგანი, ევროკავშირის წევრი გახდება",- განაცხადა ელჩმა.