მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული მშენებლობის საერთაშორისო ფორუმი თბილისში 19 ოქტომბერს გაიმართება - ორგანიზატორი BIM Solutions Group-ია

დსდ
BM. GE
25.09.23 19:44
78

ციფრული მშენებლობის საერთაშორისო ფორუმი თბილისში 19 ოქტომბერს გაიმართება.

ფორუმზე ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის  ქონების მფლობელებს, კონტრაქტორებს, სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, სამშენებლო პროცესებში მიმდინარე გაციფრულების საუკეთესო პრაქტიკას გაეცნონ.

ფორუმის ორგანიზატორი არის BIM Solutions Group-ი, რომელიც კომპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში ინოვაციური მეთოდების გამოყენებით მშენებლობების წარმართვაში ეხმარება.

BIM Solutions-ის წარმომადგენლობით საერთაშორისო ბრენდი ქართულ სამშენებლო ბაზარზე BIM-მეთოდის დანერგვას უწყობს ხელს, რაც მშენებლობის ინფორმაციის მოდელირებას გულისხმობს (Building Information Modelling), კომპანიებს კი უფრო ეფექტიან და პროდუქტიულ გზებს სთავაზობს პროცესების სამართავად.

ფორუმის სპონსორი და პარტნიორი სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია "სიემსია". ციფრული მშენებლობის ფორუმის სპონსორები, ასევე, არიან სამშენებლო კომპანია "ანაგი" და არქიტექტურული კომპანია არტსტუდიო პროექტი.

გარდა ამისა, ფორუმის განხორციელებაში ათამდე სხვა კომპანიაა ჩართული. BIM Solutions Group-ის პარტნიორები ფორუმზე არიან Property Georgia, FIABCI Georgia, Business Media Georgia, EU BIM Group, EBA (ევროპის ბიზნესასოციაცია საქართველოში) და Baltic BIM Management.

მშენებლობის ინფორმაციული მოდელირება (BIM) კონსტრუქციების უფრო მოსახერხებლად წარმოდგენის საშუალებას იძლევა, რადგან ამ მეთოდის გამოყენებით შეგვიძლია შენობის ყველა ელემენტის შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში გაერთიანება. გარდა ამისა, BIM-მეთოდი მომუშავე პერსონალის სწრაფ გადამზადებასაც გულისხმობს. BIM Solutions სთავაზობს კომპანიებს, შეამცირონ შეცდომები და ხარვეზები, მასალის არამიზნობრივი ხარჯვა და დროს უკეთესი მენეჯმენტი გაუწიონ. მეთოდი მშენებლობაში, როგორც წესი, სამშენებლო ტერიტორიაზე გამოიყენება, სადაც 3D-ში წარმოდგენილი ინფორმაცია უფრო აღქმადია.

BIM Solutions ექვს ქვეყანაშია წარმოდგენილი − ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი და საქართველო. ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც სამშენებლო, დიზაინისა და უძრავი ქონების განვითარების კომპანიებთან, ისე სამთავრობო სტრუქტურებთან და აძლევს მათ ექსპერტულ რჩევებს პროცესების მართვის გასაუმჯობესებლად.

BIM Solutions-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ერნესტას ბერჟანსკისი ამბობს, რომ ორგანიზაციას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სფეროში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბალტიისპირეთში ინდუსტრიის განვითარებაში, ევროპული სტანდარტების დანერგვაში. მისი თქმით, ბალტიისპირეთში სამშენებლო ინდუსტრიამ დრამატული ცვლილება განიცადა და საბჭოური სისტემიდან წარმატებულად გადავიდა ევროპულ სტანდარტზე. ბერჟანსკისის თქმით, ორგანიზაცია ამაყია იმით, რომ მხარს უჭერდა ამ სექტორის განვითარებას.

საქართველოს პოტენციალზე საუბრისას კი ამბობს:

"ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამშენებლო ინდუსტრიის მოდერნიზების ჩვენმა ფართო გამოცდილებამ შეიძლება სარგებლობა მოუტანოს საქართველოსაც. ჩვენი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, მიზნად ვისახავთ, დავაჩქაროთ ევროკავშირის სამშენებლო ინდუსტრიის პრაქტიკისა და სტანდარტების დანერგვა საქართველოში".

სწორედ ამ მიზანს ემსახურება თბილისში ციფრული მშენებლობის საერთაშორისო ფორუმის გამართვაც. კონფერენციაზე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მთავრობების წარმომადგენლები დაინტერესებულ მხარეებს მათ გამოცდილებასა და გაციფრულების უპირატესობებს გააცნობენ.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება სამშენებლო და უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია YIT, რომელიც საკუთარ გამოცდილებასა და შეხედულებებს გააცნობს ინდუსტრიის წევრებს, ხოლო Baltic BIM Management მათივე პროექტებს წარმოადგენს.

"ჩვენი მიზანია დეველოპერებმა, სახელმწიფო მოხელეებმა, კერძო უძრავი ქონების მფლობელებმა და მენეჯერებმა, ძირითადმა კონტრაქტორებმა და პროექტების მენეჯმენტში მომუშავე კომპანიებმა მიიღონ ინფორმაცია გაციფრულების, BIM-ის გამოყენების, სამშენებლო და შემდგომი ექსპლუატაციისა და ტექნიკური ფაზების შესახებ", − ამბობს ერნესტას ბერჟანსკისი.

სამშენებლო ინდუსტრიის ჩართულობა პროცესში აუცილებელია, თუმცა სამთავრობო სტრუქტურების მზადყოფნა და სიახლეების შესაბამის უწყებებში დანერგვა არანაკლებ მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილების მიმღები რგოლის ჩართულობა პოლიტიკის ცვლილებას და, შესაბამისად, სიახლეების უფრო ეფექტიან დანერგვას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, BIM Solutions ფორუმში მონაწილეობას სამთავრობო სექტორსაც აქტიურად სთავაზობს.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა აღნიშნულ ბმულზე შეუძლიათ: https://tkt.ge/event/370269/cifruli-msheneblobis-forumi-2023 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები