10-11 ნოემბერს, ბათუმში ტურიზმის ინსტიტუტისა და ციფრული მარკეტინგული სააგენტო „შინდის“ ორგანიზებით ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ 2023 გაიმართება.
ღონისძიებას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებიც ტურიზმის სფეროს მნიშვნელოვან ტრენდებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ.
მონაწილეებს შორის არიან - TripAdvisor, Expedia, Google Cloud, Ljubljana DMO, Berlin Travel Festival, Sojern, Bolt, GLOVO, National Geographic და ასე შემდეგ.
ფესტივალის ფარგლებში სპიკერთა პრეზენტაციები, პანელური დისკუსები, ვორკშოფები და ბიზნეს გამოფენა გაიმართება და როგორც ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი მამუკა ბერძენიშვილი BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, ეს სივრცე ახალი საერთაშორისო კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა იქნება.
მისივე ცნობით, ფესტივალის წლევანდელი თემატიკა ტურიზმის ინდუსტრიის გაციფრულებას, ახალი სერვისების დანერგვასა და ტურისტულ საქმიანობაში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას მოიცავს.
"ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა ცხოვრების წესი და კიდევ უფრო მეტი ადგილი დაეთმო ტექნოლოგიებს. შესაბამისად, შეცვალა დასვენების, მუშაობის და ტრანსპორტირების ფორმები, რასაც ავტომატურად ფეხს უბამს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია. ეს კი იწვევს რადიკალურად განსხვავებული პროდუქტების და სერვისების გაჩენას, რაშიც მნიშვნელოვან როლს იკავებს ხელოვნური ინტელექტი და იგი აქტიურად შემოდის ტურიზმის ინდუსტრიაში, ამას კი ავტომატურად მოჰყვება შესაბამისი სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება და ტექნოლოგიების ახალი ფორმით გადააზრება; აქედან გამომდინარე იცვლება ტურიზმის მარკეტინგის ტაქტიკებიც და უმნიშვნელოვანეს როლს იკავებს დიდ მონაცემთა ანალიტიკა, რომლის საშუალებით უსწრაფესად ხდება მყისიერად ცვლადი ტურიზმის ინდუსტრიის ტენდენციებისადმი მორგება", - ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მსურველებს მისი შეძენა მითითებულ ბმულზე შეუძლიათ: https://tkt.ge/show/16065/turisteri-2023-turizmis-festivali
ფესტივალის სპონსორები კი "საქართველოს ბანკი", სადისტრიბუციო კომპანია "ალალი" და სასტუმრო "კოლიზეუმი" არიან. პარტნიორები კი USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, ბათუმისმერია, ბათუმის ბულვარი და გურუ ჰოლდინგი.