ვიქტორ წილოსანის განცხადებით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო - ამის შესახებ წილოსანმა მედიასთან ისაუბრა.
გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას ვიქტორ წილოსანმა აღნიშნა, რომ სატრანსპორტო რეფორმა უკვე შეუქცევადია და სურს, ახალი საქმე წამოიწყოს. წილოსანი ადასტურებს, რომ საჯაროდან კერძო სექტორში გადაინაცვლებს.
"ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილება ჩემი იყო, არაფერი არ იმალება და შესაბამისად, შინაურულად, მეგობრებმა იცოდნენ, რამდენ ხანს ვემზადებოდი ამისთვის, თუმცა მქონდა პასუხისმგებლობის გრძნობა რომ რეფორმა, რომელიც იყო დაწყებული, არ მიმეტოვებინა და ადამიანი, ვინც ჩაიბარებდა ამ პროცესს, ყოფილიყო ძალიან ჩართული და კვალიფიციური. თქვენ იცით, რომ ნინო ბაგაშვილმა დაიკავა ეს თანამდებობა, ის იყო ჩემი მოადგილე და ვთვლი, რომ ძალიან ღირსეული გადაწყვეტილებაა მიღებული.
ჩემს CV-ს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ 2 წელზე მეტი არასდროს არსად მიმუშავია. ვიყავი პრობლემურ საკითხების მოგვარებაში და შესაბამისად, რეფორმა, რომელიც მიმდინარეობდა, ჩემთვის ძალიან საინტერესო შემოთავაზება იყო. ვთვლი, რომ რეფორმა დგას რელსებზე, შეუქცევადია ეს პროცესი. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მერი ამ პროცესს ისე დაიჭერს, როგორც აქამდე მიდიოდა და შესაბამისად ვთვლი, რომ რეფორმის მთავარი ღერძი გადატეხილია და მინდა ახალი საქმე გავაკეთო. პირიქით მგონია, რომ ის უფრო ცუდია, როდესაც ადამიანები კონკრეტულ პროცესს არიან ჩაბღაუჭებული", - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.
ვიქტორ წილოსანმა მედიასთან სატრანსპორტო რეფორმაც შეაფასა და აღნიშნა, რომ კრიტიკა, რომელიც მოქალაქეების მხრიდან მოდიოდა, უსაფუძვლო არ ყოფილა, თუმცა ეს გზა ყველა განვითარებულმა ქალაქმა გაიარა და რეფორმას სხვანაირად ვერ მივიღებდით.
"ნებისმიერ რეფორმას ახლავს კრიტიკა, მით უმეტეს ისეთს, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მობილობას და თითოეულ ადამიანს ეხება. შესაბამისად, უკმაყოფილება, მეტ-ნაკლებად, ყველა მხრიდან იყო გამოთქმული, ხშირ შემთხვევაში, დიდი ნაწილი, შეიძლება ობიექტურიც იყოს, მაგრამ ეს იყო პროცესი: ხდებოდა ჩანაცვლება, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ახალი ავტობუსებით.
სიახლე იყო ქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების შექმნა. ერთი მხრივ, ეს აჩქარებდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუმცა დისკომფორტს უქმნიდა იმ ადამიანებს, ვინც ავტომობილზე იყო დამოკიდებული. კრიტიკა, რომელიც მოდიოდა, არ ვიტყვი, რომ უსაფუძვლო იყო, თუმცა რეფორმას სხვანაირად ვერ მივიღებთ. ყველა განვითარებულმა ქალაქმა გაიარა ეს პროცესი. დარწმუნებული ვარ, საქმე ბოლომდე მივა, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ეს პროცესი არ უნდა გაჩერდეს", - განაცხადა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა.
ვიქტორ წილოსანი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა, მანამდე კი წილოსანი თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.