წინანდლის ისტორიულ მამულში 9-დღიანი მუსიკალური ზღაპარი დასრულდა. წინანდლის ფესტივალის მე-6 სეზონი, რომელსაც ტრადიციულად კომპანია “სილქნეტი წარადგენს” 31 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა და მსმენელს 17 დაუვიწყარი, დღის და საღამოს კონცერტები წარუდგინა. წლევანდელ სეზონზე პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრში 7 ქვეყნის 80-მდე ახალგაზრდა მუსიკოსი გაერთიანდა - მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან და სოლისტებთან ერთად ფესტივალის სავიზიტო ბარათად ქცეულმა ორკესტრმა ოთხი კონცერტი გამართა.წინანდლის ფესტივალის 8-დღიან დატვირთულ საკონცერტო პროგრამას დასამახსოვრებელ საღამოები შემატა თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლმა და ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტმა. ამის მიღმა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართველი აბსტრაქციონისტი ფერმწერის ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენას მასპინძლობდა. წლევანდელი წინანდლის ფესტივალი მსოფლიოში სახელგანთქმულმა ჰობოისტმა და დირიჟორმა ფრანსუა ლელუმ პან-კავკასიურ ორკესტრთან ერთად დახურა.