მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წინანდლის მამულის" გენგეგმაზე კენგო კუმა მუშაობს" - გიორგი რამიშვილი

გიორგი რამიშვილი

"სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებლის გიორგი რამიშვილის განცხადებით, „წინანდლის მამული“ განვითარებისთვის ტერიტორიის გენერალური გეგმა შეიქმნება, რომელზედაც მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი კენგო კუმა ასევე მსოფლიო დონის ლანდშაფტის არქიტექტორთან ვლადიმერ ჯუროვიჩთან ერთად მუშაობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მე-7 სეზონის გახსნის შემდეგ განუცხადა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ „წინანდლის მამულში“ კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, საკონცერტო დარბაზის და აპარტამენტების მშენებლობა იგეგმება. ამასთან მისივე ინფორმაციით, გენგეგმით მოეწყობა მამულის ძველი პარკი, გაკეთდება ახალი პარკი და ბავშვებისთვის გასართობი სივრცე.

„მსოფლიო დონის, ცნობილი არქიტექტორი კენგო კუმა „წინანდლის მამულების“ გენგეგმაზე მუშაობს, რომელიც მოიცავს ძველ პარკს, ბავშვებისთვის გამოყოფილი სივრცეს, ვენახის ტერიტორიის მიმდებარედ აპარტამენტებისა და სპა სივრცის მოწყობას. ასევე ტერიტორიაზე კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება, რომელსაც კენგო კუმა საკონცერტო დარბაზთან ერთად აპროექტებს.

კენგო კუმასთან ერთად წინანდლის ახალი პარკის პროექტის დიზაინზე, მსოფლიო დონის ლანდშაფტის არქიტექტორი ვლადიმერ ჯუროვიჩი მუშაობს. ეს ტანდემი აქ შედგება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია“, - განუცხადა გიორგი რამიშვილმა ჟურნალისტებს.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ „წინანდლის მამულში“ ახალი საკონცერტო დარბაზის მშენებლობა წელს დაიწყება და პროექტის დასრულების შემდეგ მამული სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მთელი წლის განმავლობაში ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს.

„სასტუმრო „რადისონის“ ზემოთ 1 200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი მოეწყობა, რომელიც 4 სეზონის განმავლობაში იფუნქციონირებს.

საკონცერტო დარბაზის მშენებლობა წელს დაიწყება და დაახლოებით, ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.

საკონცერტო დარბაზის პროექტს ცნობილი არქიტექტორი კენგო კუმა და მისი ბიურო შეასრულებს. წინანდალში საკონცერტო დარბაზები ჩვენ ინგო მაუერთან ერთად გავაკეთეთ. ეს ტრადიცია გრძელდება და მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი გაალამაზებს წინანდლის მამულებს.

შედეგად, წინანდლის მამული ოთხი სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს კონცერტებს, ქორწილებს და სხვადასხვა ღონისძიებას“, - აღნიშნა "სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები