სამრეწველო დიზაინერი, ბრენდ „ციკოლიას“ დამფუძნებელი ზვიად ციკოლია აცხადებს, წინასაახალწლო პერიოდში გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა.
BM.GE-სთან საუბრისას ის განმარტავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მოსახლეობას შოპინგის განწყობა არ არის.
„წინასაახალწლო პერიოდია და შოპინგის განწყობა საერთოდ არ არის. გაყიდვები შემცირებულია. ჩვენ გაყიდვებში ყოველწლიური ზრდა გვქონდა, წელს კი შარშანდელთან შედარებით გაყიდვების ზრდა მინიმუმის მინიმუმზეა, მაშინ როდესაც გასულ წლებში ძალიან დიდი ზრდა გვქონდა. ვატყობთ, რომ ის განწყობა არ არის. ის მოლოდინები, რაც ჩვენს მარკეტინგის ჯგუფს ჰქონდა, საერთოდ არ ვართ თანხვედრაში. ამას არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვეგუებით, რადგან რამის შეძენის სურვილი არავის აქვს, მით უმეტეს ძვირად ღირებული ნივთის. ჩვენი პროდუქტი ლუქს სეგმენტშია, რომელიც დარტყმას პირველი იღებს. ეს არ არის პირველადი მოხმარების ან აუცილებელი პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სახლში და ყიდვა გიწევს. ეს ფუფუნების საგანია და ეკონომიკური რყევების დროს მის გაყიდვებს დარტყმა პირველ რიგში ადგება“, - ამბობს ზვიად ციკოლია.
მისი ინფორმაციით, „ციკოლიას“ ბრენდით დღეისთვის საქართველოში მხოლოდ 5-6 საათის იწარმოება. კომპანია კი არსებულ წარმოებაში რთული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ვერ აფართოებს.
„ჩვენ ორი ტიპის საათი გვაქვს - შვეიცარიაში წარმოებული სერტიფიკატით, მეორე - საქართველოში წარმოებული უფრო ძვირად ღირებული საათები. ამ წარმოება გაფართოებისთვის, ახალი ფართის აშენებაა საჭირო, რომელიც ტექნოლოგიური პროცესების გათვალისწინებით შესაბამისი სტანდარტების იქნება, ეს ინვესტიციები - ყველაფერი გაჩერებული გვაქვს, რადგან არ ვიცით ხვალ რა იქნება. ახლა ხელ-ფეხშებოჭილები ვართ და თვეში 5-6 საათზე მეტის წარმოების საშუალება არ გვაქვს. ვერ საიუველირო მიმართულებით ვვითარდებით და ვერც ტექნოლოგიურად ვმართავთ წარმოებას. მთელი ჯაჭვია", - ამბობს სამრეწველო დიზაინერი.