ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ წინასწარ დანიშნული ბიულეტენების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციები მანიპულაციებია.
"ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს. ამომრჩეველს ბიულეტენის აღებისთანავე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ის, შესაბამისად ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური და ემსახურება კენჭისყრის პროცესის დაზიანებას.
ვრცელდება ცრუ ინფორმაცია მარკირების სითხესთან დაკავშირებითაც. დაინტერესებული მხარეები ირწმუნებიან, რომ მარკირების სითხის ნაცვლად ამომრჩეველს წყალს ასხამენ. მე ახლა თან მაქვს მარკირების სითხე და მისი შესამოწმებელი ფანარი და ბრიფინგის დასრულების შემდგომ შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე", - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 13:00 საათის მდგომარეობით საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 50 განცხადება/საჩივარი.
"დარღვევები ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფარულობის დარღვევა; მარკირების წესის დარღვევა; უბნის გარეთ მომხდარი ფაქტი; აგიტაცია; უბნიდან გაძევება და დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის მათ და ექნება შესაბამისი რეაგირება.
გვინდა გაცნობოთ სამწუხარო ინფორმაცია. ფოთის №15 საარჩევნო უბნის წევრი ნიკოლოზ ლომინაძე გახდა ცუდად, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ გარდაიცვალა. საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.




























