კახეთში ხორბლის მოსავლის აღების და ჩაბარების პროცესი დაიწყო. როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, წელს პირველი მოსავალი წისქვილკომბინატებმა უკვე მიიღეს.
როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, წელს დაახლოებით 200 000 ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან, საიდანაც 100 000 ტონა სასურსათო იქნება. ლევან სილაგავას თქმით, ხორბლის ხარისხიდან გამომდინარე, ერთი კილოგრამის ფასი 55-63 თეთრის ფარგლებშია. რაც შეეხება ფქვილის ფასს, ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი დღეს 47 ლარია.
“საქართველოში ხორბლის მოსავლის აღება-ჩაბარების პროცესი უკვე დაიწყო. რაოდენობრივად არის კარგი ხარისხიც, არის საშუალო ხარისხიც. ჯერ პროგნოზები საბოლოოდ ვერ დასტურდება, იმიტომ რომ კახეთშია მოსავალი, შემდეგ შიდა ქართლში და ქვემო ქართლში, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, საშუალო ხარისხობრივი მაჩვენებელია როგორიც შარშან და შარშანწინ იყო. დაახლოებით 100 000 ტონა არის სასურსათო, დანარჩენი არასასურსათო.
რაც შეეხება ფასებს, თუ მაგალითისთვის, სამი თვის წინ ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 60 ლარი ღირდა, დღეს არის 47 ლარი. ანუ კლება არის 13 ლარი ერთ ტომარაზე. შესაბამისად, პურთან [ფასზე] მიმართებაში გამოწვევა საერთოდ არ არსებობს, ამაში გვეთანხმებიან პურის მწარმოებლებიც.
რაც შეეხება ხორბლის ფასებს, 1 კილოგრამი ადგილობრივი ხორბლის ფასი ამ ეტაპზე 55-დან 63 თეთრის ფარგლებშია, არის 1 კილოგრამის ფასი 65 თეთრიც. იმპორტირებულს თუ ავიღებთ, იმპორტირებული ხორბლის ფასი დაახლოებით 80 თეთრია”, - განაცხადა ლევან სილაგავამ.




























