მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წითელას შემთხვევების რაოდენობა ევროპაშიც მზარდია - ზაზა წერეთელი მიზეზებზე

ვირუსი

ევროპაში წითელას შემთხვევების რაოდენობა კვლავ მზარდია. როგორ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უნივერსალური ჯანმრთელობისა და პანდემიებისთვის მზადყოფნის მიმოხილვის მრჩეველთა ჯგუფის წევრმა, ზაზა წერეთელმა „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა დიდ ბრიტანეთშია, რის გამოც ქვეყანამ 6-დან 11 წლამდე ასაკის ყველა აუცრელი ბავშვის იმუნიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.

წერეთელი ამბობს, რომ გავრცელების მიზეზი კოვიდ პანდემიის დროს იმუნიზაციის შემცირებული მაჩვენებელი გახდა.

„ევროკავშირში და მთელს მსოფლიოში იმატა შემთხვევების რაოდენობამ, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო. ამის მიზეზი სამია. პირველი ის, რომ კოვიდ პანდემიის დროს მოსახლეობაში იმუნიზაციის მოცვა შემცირდა. მეორე, კოვიდის დროს ვაქცინაციაზე იმდენი ჭორები იყო, რომ ზოგადად დაინახეს ვაქცინაციის შემცირების ტენდენცია ბავშვებში და მესამე, ეს გახლავთ მისი გავრცელების მაჩვენებელი.

იმისთვის რომ წითელა მეტ-ნაკლებად იყოს კონტროლირებადი მოცვა უნდა იყოს 95%-იანი. როგორც კი, თუნდაც 1-2%-ით დაიკლებს მაჩვენებელი მაშინვე იწყება შემთხვევების მკვეთრი ზრდა. სწორედ ამასთან გვაქვს ახლა საქმე მთელს ევროპაში და ალბათ ასევეა საქართველოშიც.

გაერთიანებულმა სამეფომ, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გადაწყვიტა 6-დან 11 წლამდე ყველა აუცრელი ბავშვის მასიური იმუნიზაცია, რომ როგორმე შეაჩეროს მასობრივი გავრცელება. წითელა დიდხანს რჩება ჰაერში. კოვიდზე თუ ერთი ადამიანიდან ოთხს შეიძლებოდა გადასდებოდა, აქ ერიდან შეიძლება 18-ს დაემართოს.

მაჩვენებლები მზარდია 2024-შიც, ამიტომ ყველა ქვეყანა ცდილობს გაზარდოს იმუნიზაცია. რეკომენდაციაა ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ, რომ იმუნიზაცია აუცილებელია.“ - განაცხადა წერეთელმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპაში წითელას შემთხვევები 2023 წლის ათ თვეში 30-ჯერ აღემატებოდა 2022 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები