მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წითელი ზღვის კრიზისის გამო, გლობალური ვაჭრობის ზრდის პროგნოზს გადავხედავთ - WTO

ნგოზი ოკონჯო-ივეალა

იემენში ბაზირებული სამხედრო დაჯგუფების, “ჰუსიტთა მოძრაობის” წევრების მიერ წითელ ზღვაში გააქტიურების შემდეგ, გლობალური ლოგისტიკური ჯაჭვი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან გლობალური გადამზიდი კომპანიები წითელ ზღვაში შესვლისგან თავს იკავებენ და ურჩევნიათ, აფრიკის კონტინენტს შემოუარონ, რაც ხარჯებსა და დროს ზრდის.

წითელ ზღვაში შექმნილი კრიზისი ერთ-ერთი მთავარი განხილვის საკითხია წლევანდელ “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე”, რომელიც დავოსში იმართება. დღეს, ამ თემაზე “მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის” (WTO) გენერალურმა დირექტორმა, ნგოზი ოკონჯო-ივეალამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიზისი გამო, ორგანიზაცია გლობალური ვაჭრობის ზრდის პროგნოზს უარყოფითი მიმართულებით გადახედავს.

“ის ფაქტი, რომ საკონტეინერო გემებმა მარშრუტი შეიცვალეს, ხოლო ფასებმა იმატა, გვაფიქრებინებს, თუ რა მოხდება წელს გლობალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით, რის გამოც, ოდნავ უფრო ნაკლებად ოპტიმისტურად განვეწყვეთ”, - განაცხადა “მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის” გენერალურმა დირექტორმა და დასძინა, რომ მას კონფლიქტის სხვა რეგიონებში გავრცელების რისკიც ადარდებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გასული წლის ოქტომბერში, “მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ” გლობალური ვაჭრობის 2024 წლის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომელიც 3.3%-ს შეადგენს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე 2023 წელს დაფიქსირებული საპროგნოზო ზრდა, რომელმაც 0.8% შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” საქართველო ოფიციალური დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ფორუმი 15 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დაიხურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები