მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ციტრუსის ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება" - როგორია ნარინჯისფერი რთველის მოლოდინები?

მანდარინი

წელს, ნარინჯისფერი რთველი შედარებით ადრე, ნოემბრის დასაწყისში დაიწყება. ამის შესახებ ციტრუსის ექსპორტიორი კომპანიააჭარა ტრეიდინგ გრუპისდამფუძნებელმა, კახა შავაძემ განაცხადა.

მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნა, რომ წელს, გასულ წელთან შედარებით, ნაკლები და უკეთესი ხარისხის მოსავალია მოსალოდნელი, ფასი კი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება.

„წელს, ამინდებიდან გამომდინარე ველით, რომ ცოტა ადრე, დაახლოებით ნოემბრის დასაწყისი დაიწყება კრეფა. შარშანდელთან შედარებით, რაოდენობრივად ნაკლებ მოსავალს ვვარაუდობთ. ეს ჩვეულებრივია, ეგრეთ წოდებული მეწლეურობა ახასიათებს ხოლმე სოფლის მეურნეობის პროდუქციას. როგორც წესი, როცა ნაკლებია მოსავალი, ხარისხობრივი მაჩვენებელი უფრო მაღალია. პრაქტიკიდან გამომდინარე, გასულ წელთან შედარებით ფასის დაახლოებით 5-10%-იანი მატება იქნება. ვფიქრობ, დაახლოებით 10%-ით მეტი იქნება ფასი ციტრუსზე, მათ შორის, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარეც“,- თქვა კახა შავაძემ.

მან გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ფაროსანას მიმართულებით საკითხი საბოლოოდ გადაჭრილი არაა. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას, კახა შავაძის თქმით, მიზეზი, რის გამოც ციტრუსის ძირითად გასაღების ბაზრად რუსეთი რჩება, მათ შორის ლოგისტიკას უკავშირდება.

„რაც შეეხება ფაროსანას, არ არის ისეთი კრიტიკული მდგომარეობა. შედეგი გამოიღო მუშაობამ, მაგრამ ეს პრობლემა მაინც დგას და ვერ ვიტყვით, რომ აღმოფხვრილია. ვფიქრობ, ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება, რათა ბოლომდე მივიყვანოთ.

ჩვენ ხარისხით კმაყოფილი არ ვართ და რა თქმა უნდა, უკეთესის სურვილი გვაქვს, თუმცა ამის მიღწევას ბევრი მუშაობა სჭირდება, როგორც კომპანიების, ისე ფერმერების. ერთი არის პირველადი პროდუქტი და მეორეა უკვე შეფუთვა, სათანადო დამუშავება, რომ ევროპის ბაზარზე შევიდეთ. ახლა დაემატა ლოგისტიკის პრობლემაც, რადგან ძირითადად, ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელი გზა მაინც იყო უკრაინის გავლით. ამას კომპანია და ბიზნესი თავისით ვერც დაძლევს და არც აიღებს თავის თავზე და რა თქმა უნდა, ურჩევნია დარჩეს ტრადიციულ ბაზარზე“,- აღნიშნა აჭარა ტრეიდინგ გრუპისდამფუძნებელმა.

კახა შავაძე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პრაქტიკას ამ ეტაპზე გამართლებულად მიიჩნევს და განმარტავს, რომ დარგის განვითარების კვალდაკვალ, სუბსიდია საჭირო აღარ იქნება. მისივე თქმით, სრულ პროცესში სახელმწიფოს მეტ ჩართულობას ისურვებდა.

„არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება არაა ბიზნეს პროექტი, ეს არის უფრო სოციალური, ფერმერებზე გათვლილიც და ამავე დროს, წვენის მწარმოებელ კომპანიაზე. ამ ეტაპზე, მაინც ვფიქრობ, რომ საჭიროა იყოს, თუმცა დარგი რომ განვითარდება, სტანდარტული მანდარინის სათანადო ხარისხს მივაღწევთ, სუბსიდირების საკითხი ავტომატურად მოიხსნება. მე ვისურვებდი უკეთეს მიდგომას, უფრო მეტ ჩართულობას სტანდარტული მანდარინის როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავების კუთხით. მთელი ჯაჭვია, სადაც კონტექსტიდან ამოგდებული რომელიმე ერთი მიმართულების ხელშეწყობით დარგი ვერ განვითარდება“,- თქვა აჭარა ტრეიდინგ გრუპისდამფუძნებელმა.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც კახა შავაძე სახელმწიფოს ჩართვის საჭიროებას ხედავს, ჯიშების განახლებაზე მუშაობაა.

„პირველი ნაბიჯია რეალურად. ახლა პირველ შედეგს ვიღებთ ამ საადრეო ჯიშის სახით, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ადრე შემოვიდა. საფასო სეგმენტშიც საკმაოდ ნორმალური და შედეგიანია ფერმერებისთვისაც, თუმცა ეს რომ მასიურად ავიღოთ, მგონი არ ივარგებს. თუ მეციტრუსეობის განვითარებაზე გვაქვს პრეტენზია, უნდა შემოვიღოთ ისეთი ჯიშები, რომლებიც პერიოდს გაგვიგრძელებს. მაგალითად, არის ჯიში გამძლე ნაყოფით, რომლის მოსავალიც იანვარში შეიძლება მოვიწიოთ, ანუ ციტრუსის ციკლი გაგვეზრდება. კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა ეტაპზეა ჯიშის განახლებაზე მუშაობა, მაგრამ ფერმერები ამას თავისით ვერ დაძლევენ. ჯიშის განახლებაზე მუშაობაში სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია“,- განაცხადა კახა შავაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები