4 ივლისიდან წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება - ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული სავაჭრო და კვების ობიექტების გამო, ავტომანქანების გაჩერება ხშირად იწვევს გზის გადატვირთვას და მოძრაობის შეფერხებას. დეპარტამენტის ცნობით, ამ გამოწვევის საპასუხოდ, მომზადდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ობიექტებთან მისასვლელი ერთიანი, იზოლირებული შესასვლელისა და გამოსასვლელის მოწყობას.
„გადაწყვეტილება მიღებულია და სამუშაოები დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე 4 ივლისს დაიწყება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები, ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარები და შესაბამისი საგზაო ნიშნები“, — აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
სამუშაოები შესრულდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკლებად დატვირთულ საათებში. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას პერიოდულად შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლი აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით.
დეპარტამენტი მძღოლებსა და მგზავრებს მოუწოდებს, მიაქციონ ყურადღება დროებით საგზაო ნიშნებს და დაიცვან მოძრაობის შეზღუდვები.
„ბოდიშს ვუხდით მძღოლებსა და მგზავრებს შესაძლო დისკომფორტისთვის და მოვუწოდებთ, ყურადღებით გაეცნონ დროებით საგზაო ნიშნებს და დაიცვან შეზღუდვები“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.




























